დაწვრილებით

პრემიერ ღარიბაშვილის ჩინური კავშირები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. თუმცა მისი კავშირი ჩინეთთან გაცილებით ადრე იწყება. რადიო თავისუფლების ქართულმა ბიურომ გამოიძია საქართველოს ხელმძღვანელობის კავშირები ჩინურ კომპანიასთან – CEFC, რომელმაც ღარიბაშვილი მრჩევლად დაასაქმა, სანამ ის 2019 წელს მთავრობაში მინისტრად დაბრუნდებოდა.

2015 წლის შემოდგომიდან CEFC-მ, რომელიც ძირითადად ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორებში დებდა ფულს, ჩეხეთში მიყოლებით შეისყიდა ძვირადღირებული აქტივები. ამავე პერიოდში კომპანია საქართველოთი ინტერესდება.

2015 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს მთავრობის წარმოამდგენლები მართავენ შეხვედრებს კომპანიის დამფუძნებელთან. 2015 წლის 27 მაისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან ერთად ხვდება CEFC-ის წარმომადგენლებს.  2016 წელს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩადის შანხაიში და CEFC-ის შტაბ-ბინაშიხვდება კომპანიის დამფუძნებელს, ასევე მონაწილეობას იღებს ჩინურ-ქართულ ბიზნესფორუმში. ორიოდე თვეში, პეკინში საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ფორმდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში მომდევნო წელს შედის. საქართველო ევრაზიის რეგიონში ხდება პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი დაამყარა.

2017 წელს, დიმიტრი ქუმსიშვილი კვლავ მიემგზავრება ჩინეთში, პეკინში და CEFC-ის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ხელს აწერს დეკლარაციას ახალი კომერციული ბანკის, „საქართველოს განვითარების ბანკის“ დაფუძნების შესახებ. ამავე წელს საქართველოს მთავრობა CEFC-ს უფორმებს ურთიერთგაგების მემორანდუმს „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ“ და ფოთის “თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” 75% საქართველოში CEFC-ის ფილიალს – „CEFC ევრო-აზიურს“ გადასცემს.

2018 წლის 22 ივნისიდან CEFC-ის კუთვნილი 75%-იანი წილის მმართველად საჯარო რეესტრში „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფია“ მითითებული, 50% წილის მფლობელი კი არის „ევრაზიან ინვესტი“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. ამ კომპანიის 51% კი Brightstone Finances Limited-ს, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ეკუთვნის.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კომპანიას, რომელმაც მილიარდობით დოლარის გარიგებები დადო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში, სინამდვილეში „ფინანსური პირამიდა“ ჰქონდა აწყობილი. მისი ერთ-ერთი დირექტორი აფრიკის ორი ქვეყნის მაღალჩინოსნების მოქრთამვისა და კორუფციის ბრალდებით 2017 წელს შეერთებულ შტატებში დააპატიმრეს. კორპორაციის დამფუძნებლის წინააღმდეგ კი 2018 წ. საქმე აღიძრა, ხოლო დაპატიმრების შემდგომ იგი გაუჩინარდა.

2018 წლის 18 თებერვალს – კომპანიის დამფუძნებლის „გაუჩინარებამდე“ ორიოდე კვირით ადრე და დირექტორის დაპატიმრებიდან სამი თვის შემდეგ – საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსზე“ გამოქვეყნდა ფასიანი სარეკლამო ცნობა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა“.

მომდევნო წლებში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე – ანუ დაახლოებით წელიწადნახევარში – მან კომპანიისგან ხელზე 410 702 ლარი მიიღო.

მას შემდეგ, რაც შანხაის სასამართლომ CEFC და მისი შვილობილი კომპანიები გაკოტრებულად გამოაცხადა, 2020 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან და “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი“ საქართველოში CEFC აქტივების მმართველი გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button