skip to content
ახალი ამბები

მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარულმა საფოსტო გადაზიდვებმა 1.5 თვეში 4.6 ტონას მიაღწია

თბილისში, შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ „მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული საფოსტო გადაზიდვები, რომლებიც 7 ივლისს განახლდა, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი კომუნიკაციის პოპულარული არხი ხდება“.

სექციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1.5 თვეზე ნაკლებ დროში რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის მიერ გადატანილი საფოსტო გზავნილების საერთო წონამ 4.6 ტონა შეადგინა. ამასთან, რუსეთის ინტერესთა სექცია პროგნოზირებს, რომ „ფრენების სიხშირისა და გეოგრაფიული დაფარვის ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია მომხმარებელთა ფართო წრისთვის ავიამიწოდების მოცულობის ზრდაც. უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებელმა შესაძლოა თვეში 6 ტონამდეც მიაღწიოს“.

27 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციებისთვის თავის არიდების პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოსთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ „ისინი კარგი პარტნიორები არიან, ისინი  გამჭვირვალენი არიან იმის თაობაზე, რასაც ხედავენ. ახლა საკითხავია, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ, არა მკაფიოდ ვადევნოთ თვალი იმას, რაც ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახანს განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით“. თუმცა, ობრაიენმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციებისთვის თავის არიდება კვლავ შესაძლებელია და დასძინა: „ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ იმაში, თუ რა ხდება ამ თვითმფრინავებში რუსეთში დაბრუნებისას“.

საქართველოში რუსეთის ფრენებზე აკრძალვა 15 მაისიდან მოიხსნა. შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი. რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წელს შეწყდა. ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა თბილისში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ ცალმხრივად მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button