ახალი ამბები

ჯიმ ობრაიენი: გვინდა დავრწმუნდეთ, რა ხდება ამ თვითმფრინავებში რუსეთში დაბრუნებისას

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ობრაიენმა, რომლის კანდიდატურაც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე განიხილება, განაცხადა, რომ შემდგომი პერიოდი „გადამწყვეტი“ იქნება რეგიონის მრავალი ქვეყნისთვის.

საქართველოსთან დაკავშირებით ობრაიენმა აღნიშნა, რომ „საქართველოს და ქვეყნებს კავკასიიდან კასპიის ზღვამდე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ევროპასთან ახალი ურთიერთობები და გლობალური სავაჭრო მარშრუტები ჩამოაყალიბონ. აშშ-ის ჩართულობა განსაზღვრავს არჩევანს თითოეული ქვეყნის წინაშე“.

უკრაინისა და მოლდოვის შესახებ საუბრისას, მან ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უკრაინამ ნატოს ვილნიუსის სამიტიდან და ევროკავშირის განცხადებებიდან იცის, რომ მისი მომავალი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სივრცეშია. ობრაიენმა ასევე განაცხადა, რომ მოლდოვას ახლა უფრო მკაფიო გზა აქვს ევროპული მომავლისკენ.

კითხვა-პასუხის სესიის დროს, როდესაც სენატორმა ჯინ შაჰინმა მას თბილისში ვიზიტისა და რუსეთის სანქციებზე ქვეყნის პოზიციის შესახებ ჰკითხა, ობრაიენმა შეაქო საქართველოს საბაჟო სამსახურები, რომლებიც, მისი თქმით, სათანადო ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ საბრძოლო დანიშნულების ნივთების რუსეთში გადაზიდვა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა სრული კონტროლი საქართველოს საჰაერო გზით თუ სახმელეთო საზღვრის გასწვრივ გადაადგილებაზე და განაცხადა, რომ ამ მიზნის მისაღწევად დახმარებაა საჭირო. „ისინი კარგი პარტნიორები არიან, ისინი  გამჭვირვალენი არიან იმის თაობაზე, რასაც ხედავენ. ახლა საკითხავია, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ, არა მკაფიოდ ვადევნოთ თვალი იმას, რაც ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახანს განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით“. თუმცა, ობრაიენმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციებისთვის თავის არიდება კვლავ შესაძლებელია და დასძინა: „ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ იმაში, თუ რა ხდება ამ თვითმფრინავებში რუსეთში დაბრუნებისას“.

რაც შეეხება ინსტიტუტების გაძლიერებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ობრაიენმა განაცხადა: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს, რომლებიც ცნობილი იყვნენ საქართველოში სასამართლო სისტემის კონტროლის გამო. ეს არის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“. მისივე თქმით, „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და საქართველოს მთავრობას განვუმარტეთ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება  ძირითადი სფეროებია პროგრესის მისაღწევად“.  

ობრაიენის თქმით, ქართველების 90% გამოხატავს სურვილს, რომ ევროპის ნაწილი იყოს და ამ საკითხზე ქვეყანაში პოლარიზაცია არ არსებობს.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ მუშაობს ევროპელ კოლეგებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული პირობები აშშ-ის დახმარებასა და პირობებზეც აისახოს. „უნდა დავინახოთ პროგრესი ამ მხრივ მომდევნო თვეში და გადამწყვეტი იქნება შემოდგომა, როდესაც ევროპული საბჭო ანგარიშს გამოაქვეყნებს“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button