ახალი ამბები

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა შოვის ტრაგედიაზე საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია

შოვში, 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შესახებ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებებმა საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია. კერძოდ, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ცარიელი ტყუილი“ უწოდა ერთ-ერთი გადარჩენილი ბავშვის შესახებ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის ღვარცოფს სამი საათის განმავლობაში ებრძოდა.

კობახიძემ განაცხადა: „იყო სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს. რაც არის უბრალოდ წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია იქ ასე განვითარებულიყო პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი…“.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დავით ჯელაძეს მიერ გავრცელებული ფოტო, რომელშიც ჩანს თუ რა მანძილზე გადაკვეთა მან ღვარცოფული მასა სასტუმრო Sunset Shovi-ის მოპირდაპირე კიდიდან თავად სასტუმრომდე, თავის დისშვილთან ერთად. კობახიძემ აღნიშნა: „მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. ამ ფოტოზე დეტალები გასარკვევია. უბრალოდ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ან რატომ, როგორ შეიძლება გადმოხვიდე, არ ვიცი“.

რაც შეეხება სტიქიის ზონაში ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენების გამოყენებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა. მისი თქმით, ვერტმფრენების ჩასვლის შემდეგ დაღამებამდე მოხდა გადარჩენილი ადამიანების იდენტიფიცირება, დაღამების შემდგომ კი ამ ოპერაციას ღამის ხედვით აღჭურვილი დრონები განაგრძობდნენ. იგი აღნიშნავს, რომ ღვარცოფული მასა მყისიერად ჩამოწვა და გადარჩენა შეეძლოთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც კიდეებზე იმყოფებოდნენ, სადაც ეს მასა 1 მეტრს არ აღემატებოდა. ასევე, მისივე თქმით, იმ ადამიანების გადარჩენა, რომელიც სწორედ ამ ღვარცოფული მასის ქვეშ მოჰყვა, „შეუძლებელი იყო“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ეხმაურებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გუშინდელ განცხადებას, რომლის თქმითაც: „გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს საფრთხე, რაღაც რომ გარისკონ პილოტებმაც, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული. არ შეიძლება, რომ, უბრალოდ, როდესაც შეიძლება დილით, სამ საათში გამოვიყვანოთ ადამიანები, გავრისკოთ და დავღუპოთ ან ვერტმფრენი, ან პილოტები… უსაფრთხო ადგილას იყვნენ ადამიანები, არ იყო საჭირო, რომ გაერისკათ პილოტებს. შეიძლება, ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. რისკია, ღამე არ არის ისეთი ხედვა, ხეობაა, მთა არის, ხეებია და შეიძლება, რაღაცას ისე წამოედო…“.

ირაკლი კობახიძის მოსაზრებას იზიარებს ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეც. იგი აცხადებს: „თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, აი ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი უბრალოდ, შეიძლება რამე კონკრეტული მიზეზი კიდევაც არსებობს“.

ამასთან, სარჯველაძეც 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ადამიანების გადარჩენა დამატებითი რესურსების გამოყენებითაც შეუძლებელი იყო: „ვინც იქ გადარჩა, გადარჩა. ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა. ძებნას 15 წუთში დაიწყებდი თუ ერთ საათში, იმ მასის გათვალისწინებით, პერსპექტივების თვალსაზრისით, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა? ვინც იმ წუთას იყო ისეთ ადგილას, სადაც იმ მასამ არ დაფარა, ის ადამიანი გადარჩა. არ მგონია, რომ იქ დაუყოვნებლივ რეაგირებას იმ ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით განმარტა და გაამრთლა ირაკლი კობახიძის სიტყვები. მისი თქმით: „ჟურნალისტმა დღეს ირაკლი კობახიძეს (ტელეფონში) აჩვენა ფოტო და დაუსვა კითხვა მასთან დაკავშირებით. მიუთითა ჯელაძისა და მისი დისშვილის გადაადგილების სავარაუდო ტრაექტორია, სადაც ჩამოწოლილი მეწყერის, ტალახის სიმაღლე ზოგ ადგილას 3-4 მეტრსაც კი აღწევდა. შესაბამისი იყო რესპონდენტის რეაქციაც, თუმცა ირაკლი კობახიძემ იქვე თქვა, რომ ეს გადასამოწმებელი, დასაზუსტებელია და ვერაფერს იტყოდა ამ ფოტოსთან, შესაბამისად მითითებულ ტრაექტორიასთან დაკავშირებით. უმარტივესი ლოგიკაა, ვივარაუდოთ და ამბის გადამოწმებითაც ეს დასტურდება, რომ დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა, დისშვილთან ერთად, შეძლო არა „სანსეტ შოვის” მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა, რაც ასევე ურთულესი და წარმოუდგენელი ამბავი შეიძლება იყოს, თუმცა ფაქტია და თავად ყვება, რომ მან ეს მოახერხა და უკანაც დაბრუნდა“.

სტიქიას გადარჩენილი ადამიანები მმართველი გუნდის განცხადებებს ეხმაურებიან

დავით ჯელაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა. ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე, არ ვიცი, ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი, ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ, ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ… საერთოდ არაფერი რომ ეთქვა გადარჩენილებზე, ალბათ შევეშვებოდი ყველაფერს… ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა“.

შოვში მომხდარი სტიქიისას მეწყერში მოყოლილი მარიამ ბერიანიძე წერს: „3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა, იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე. როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი, 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20 სანტიმეტრიანი კი არა 3 მეტრიანი იყო, მეწყრის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა მეწყრის შუაგულში ვიყავით და დიახ, 3 საათი! 3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყრის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ. ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ სად არის ის ნაპირი სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყრის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს!.. მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა“.

სტიქიას გადარჩენილი გიო ადამიაც გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას. იგი აღნიშნავს: „ჩემი თვალით ვხედავდი როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი  მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი. ირაკლი კობახიძე შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ  და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button