საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 15 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიდან.
„2008 წლის აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევის პირველი შემთხვევა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნულიდან 15 წლისთავზე რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.
განცხადების თანახმად, რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, „აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში და სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, უკანონო დაკავებებით და სხვა“.
ამასთან, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, სხვადასხვა სახის ინტეგრაციული ე.წ. ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება, აძლიერებს ადგილზე რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ომის შედეგად დაშორიშორებული მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას, როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან.
საოკუპაციო ძალა დღემდე აბრკოლებს ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას. აგრეთვე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, მისიის მანდატის მიუხედავად, აცხადებს სამინისტრო.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას.
საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი და უპირობო მხარდაჭერისთვის, აცხადებს სამინისტრო და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, განაგრძოს კონსოლიდირებული ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიზნით.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)