ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-დან 10.25%-მდე შეამცირა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 10.25%-მდე შეამცირა.
ეროვნულმა ბანკმა განაკვეთის შემცირების მიზეზად ინფლაციის კლება დაასახელა. ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0.6% შეადგინა. ამას საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი, კერძოდ საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულისა და ნავთობის ფასების კლების ტენდენციამ. ბანკის თქმით, საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონემდე შემცირდა, ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. ამასთან, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები. „შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და ივნისში ის 8.5 პროცენტს გაუტოლდა“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
- 03/07/2023 – ივნისში წლიური ინფლაცია 0.6% იყო
ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება. „მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა“.
ბანკი ასევე განმარტავს, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს. „საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – დასძინა ბანკმა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/06/2023 – ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ზე დატოვა
- 10/05/2023 – ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-დან 10.5%-მდე შეამცირა
- 29/03/2023 – ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)