skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 29 მარტს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

სები მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების აუცილებლობას ინფლაციით ხსნის. ბანკის თქმით, მიუხედავად შემცირების ტენდენციისა, საქართველოში მთლიანი ინფლაცია კვლავაც მაღალია, მის „შემცირებას კი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს“.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, მათ შორის, საბაზო ეფექტისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება, „რაც გრძელვადიანი მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს“.

მიუხედავად ამისა, სების თქმით, „არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია“. ამასთან ბანკი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ „სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა ჩამორჩება ხელფასების ზრდის ტემპს“. კერძოდ, 2022 წლის IV კვარტალში ხელფასები წლიურად 21.2%-ით გაიზარდა, პროდუქტიულობამ კი – მხოლოდ 6.8%-ით მოიმატა. „ეს ტენდენცია აისახება ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ფასებზე, რომელთა ზრდის ტემპი კვლავ მაღალია და 13.8% შეადგენს“.

„მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის დაწყება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინფლაციის ადგილობრივი კომპონენტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება“, – აცხადებენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 10 მაისს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button