skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-დან 10.5%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 10 მაიის გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე შეამცირა.

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის შერბილების მიზეზად საქართველოში ინფლაციის შემცირების ტენდენცია დაასახელა, რაც „დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს“. ბანკის თქმით, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა.

ეროვნული ბანკის თქმით, ეს ტენდენციები გამყარებულ ლარის კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი განეიტრალდა. სებ-ის თქმით, შედარებით მცირე ბიჯებით იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში მისი შემცირება გაგრძელდება.

სხვა თანაბარ პირობებში, ეროვნული ბანკი წლიური ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს და ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში წლიური ინფლაციის 3%-იანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. „მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა“.

პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, სები განმარტავას, რომ გაურკვევლობა კვლავ მაღალია, რის გამოც ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს. „საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – აცხადებენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button