საქართველოს რეფორმების შეფასება: ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობა
ცხრა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, ღია საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობა შეაფასა. ორგანიზაციების შეფასების თანახმად, მოცემულ პერიოდში, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა (ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება); მეტწილად შესრულებულია ორი პირობა (ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა); ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა (საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, მედია, მოწყვლადი ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი), და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).
ზემოხსენებული ორგანიზაციები რეგულარულად აფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მათი რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს და იმ ნაბიჯებს აფასებს, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
პირობების შესრულების კუთხით, საანგარიში პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით. პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა.
გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკავშირი, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მიიღებს.
დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/06/2023 – ოთხი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება საქართველომ მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
- 20/04/2023- საქართველოს რეფორმების შეფასება: ევროკავშირის 12 პირობის ანალიზი
- 11/04/2023 – არასამთავრობოები ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)