საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
საქართველოს პარლამენტი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიას მასპინძლობს. 4 ივლისს დაიწყო საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს, კომიტეტების, ახალგაზრდა პარლამენტართა და ქალ პარლამენტართა ქსელების შეხვედრები, ხოლო 7 ივლისს 48-ე პლენარული სესია ოფიციალურად გაიხსნა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრანკოფონია“ 40-მდე ფრანგულენოვანი ქვეყნის გაერთიანებას წარმოადგენს. საქართველოს უკვე 20 წელია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელის სტატუსი აქვს და წლევანდელ სესიაზე ასოცირებულ წევრადაც აირჩევა.
პრეზიდენტის მიღება
6 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე პლენარული სესიის მონაწილეებისათვის მიღება გამართა. მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მასპინძელ ქვეყნად არჩევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი და დაფასებულია. ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ფრანგული ენის მნიშვნელობაზეც და 48-ე სესიის დღის წესრიგის თემებზეც. მან დასძინა, რომ ქალების უფლებები, გლობალური დათბობა და დეზინფორმაციიასთან და ჰიბრიდულ ომთან ბრძოლა საქართველოსთვისაც პრიორიტეტული საკითხებია.
მიღებაზე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა სალომე ზურაბიშვილს ნიუ-იორკში 1976 წელს დაწესებული, ფრანკოფონიის მიმართულებით ერთადერთი საერთაშორისო ჯილდო გადასცა და მადლობა გადაუხდა მასპინძლობისთვის.
შეხვედრა პრემიერმინისტრთან
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის პრესს რელიზის თანახმად, „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. საუბრისას ხაზი გაესვა კავშირების მნიშვნელობას კულტურისა და განათლების მიმართულებით“.
მხარეებმა ასევე განიხილეს ფრანგული ენის პოპულარიზაცია და „ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში“.
შეხვედრის შემდეგ, ფრანსის დრუენმა პრემიერმინისტრი დიდი კომანდორის ხარისხის მედლით დააჯილდოვა.
შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ფრანსის დრუენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესს რელიზი იუწყება, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლიის მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
„შალვა პაპუაშვილმა ფრანსის დრუენს მადლობა გადაუხდა ასამბლეის 48-ე სესიის ჩასატარებლად საქართველოს მასპინძელ ქვეყნად შერჩევისთვის. მისი თქმით, ამ ღონისძიების საქართველოში გამართვა კარგი შესაძლებლობაა ასამბლეის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, კულტურული გაცვლებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად,“ – ხაზგასმულია რელიზში.
შეხვედრის შემდგომ შალვა პაპუაშვილმა ფრანსის დრუენს და ასამბლიის დელეგაციას საკანონმდებლო ორგანოშიც უმასპინძლა.
ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან
5 ივლისს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) ბიუროს წევრები და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის პრესს რელიზის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ოკუპაციის შედეგებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
48-ე პლენარული სესია
7 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე პლენარული სესია. გახსნით ცერემონიაზე ასამბლეის წევრებს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით მიმართეს.
საქართველოს მთავრობის პრესს რელიზის მიხედვით, პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ფრანკოფონიის საპატიო საპარლამენტო ასამბლეის თბილისში მიღება პრივილეგია, დიდი სიხარული და საქართველოსთვის პატივია“. მან ხაზი გაუსვა ფრანგული ენის მნიშვნელობას, ასევე, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ საქართველოში გაწეულ საქმიანობას და აღნიშნა, რომ სესიის შემდგომ დაწესდება „ქართული გონკურის პრემია ქართველი მკითხველის მიერ შერჩეული ფრანგულენოვანი ავტორების დასაჯილდოებლად“.
თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ასამბლეა „შესანიშნავი პლატფორმაა წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებისთვის, საჭირბოროტო საკითხებზე მოსაზრებების ურთიერთგაზიარებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის“, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესს რელიზში.
ასამბლეის 48-ე სესიის პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)