Placeholder canvas
ახალი ამბები

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის დისკუსიაზე პრემიერის გამოსვლას პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 29-31 მაისს გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში ბრატისლავას სტუმრობს, დღეს თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებსა და „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა. უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პრემიერმა ღარიბაშვილმა ნატოს გაფართოება დაასახელა და დაამატა: „არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“.

პრემიერის სიტყვას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მხარეთა მოსაზრებებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდის გამოხმაურება

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „დასავლელი ლიდერები ამბობენ ამას, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოსკენ სწრაფვა. არაერთი განცხადებაა. არის ეს პოზიცია, დამოკიდებულება და შეხედულება, რომ უკრაინა დაისაჯა ნატოში გაწევრიანების სურვილისთვის. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი. ამაზე არ ყოფილა საუბარი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, რომელიც არაერთხელ განუხორციელებიათ დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებსაც. საუბარია რაზე, რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს… რაც შეეხება სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებას, სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ 2008 წელს გამოიწვია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება. ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, აქ მხოლოდ მოუთმენლობა არ იყო პრობლემა, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, რა დროსაც წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა, „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას მისი ტერიტორიების 20%. სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი…“.

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე: „საქართველოს პრემიერმინისტრის კომენტარებმა ნატოს გაფართოების შესახებ, რაც, მისი თქმით, რუსეთის ერთ-ერთი საბაბი იყო უკრაინაში შეჭრისთვის, განსხვავებული და დიდწილად მცდარი ან მიზანმიმართულად დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია… საქართველოს აქვს უფლება თავისი სიტყვა თქვას, როდესაც საქმე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება და ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იქნას გაგებული. ჩვენ გვაქვს უფლება ზოგიერთი ჩვენი მეგობრისა და კრიტიკოსის ორპირობაში შევიტანოთ ეჭვი, რადგან საქართველო არაერთხელ გამხდარა უსამართლო, თითქმის ფარისევლური მოპყრობის სამიზნე… დასავლეთი მაინც არ შეაშფოთა საქართველოს არასტაბილურმა არსებობამ უცხოური ოკუპაციის ქვეშ და მუქარისა და შევიწროების ყოველდღიურმა გამოცდილებამ. დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს იარაღის მიწოდებაზე დე-ფაქტო ემბარგო დაუწესეს და მალევე რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ შესახებ განაცხადეს. მომდევნო წლებში დასავლეთმა მოსკოვთან საგარეო ვაჭრობა უპრეცედენტო დონემდე გაზარდა, რითაც ბევრი დასავლური ეკონომიკა რუსეთის ენერგეტიკული დიქტატის ქვეშ მოექცა. დასავლეთის ბევრ ქვეყანას დღემდე ეშინია, რომ რუსეთის ქმედებებს საქართველოს დაპყრობილ ტერიტორიებზე სათანადო სახელი დაარქვას – ოკუპაცია. ყველაფერი, რაც საქართველომ გააკეთა იყო, რომ გაეგრძელებინა რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, რასაც პირნათლად აკეთებდა მრავალი წელია. ეს პოლიტიკა გულისხმობს, რომ არ დაუწესოს რუსეთს ორმხრივი სანქციები და არ დაუწესოს რუსეთს სანქციები საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მისი გადაწყვეტილების გამო, რითაც იხსნება უსამართლო სასჯელი ჩვენი ხალხის მიმართ… რუსეთის საპასუხო ქმედებები საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის… მიუხედავად საქართველოს ძალისხმევისა გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში, ჩვენ არასდროს მიგვიღია დამსახურებული საპასუხო ნაბიჯები დასავლეთისგან. საქართველო შარშან კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დატოვეს მიუხედავად იმისა, რომ ასოცირებულ ტრიოში აშკარა ლიდერები ვიყავით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ვუთხრათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ არასათანადო კრიტიკის ნაცვლად, დროა დაგვეხმარონ უსაფრთხოების კუთხით არსებული რთული სიტუაციის დაძლევაში და ნატოსა და ევროკავშირში დამსახურებული წევრობის მიღებაში. უკვე 15 წელზე მეტია, ბურთი დასავლეთის მხარესაა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს მხარეს“.

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „გამოდის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ღარიბაშვილისგან გაიგეს, რომ, თურმე, რუსეთს აღიზიანებს ნატოს გაფართოება და რომ, თურმე, ის იბრძვის ამ გაფართოების წინააღმდეგ, ანუ ეს გაუკვირდათ?!… დიახ, რუსეთს აღიზიანებს ნატოს გაფართოება და დიახ, იბრძვის ამის საწინააღმდეგოდ… ამაზე არავინ კამათობს… ამაზე აწყობენ ახლა რაღაც ლოგიკას, რომელიც იმდენად სპეკულაციურია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს და თან არავის დაავიწყდეს, რომ გვამუნათებენ ხოლმე და რაღაც სიტყვებს გვახსენებენ, სიტყვებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩაწერა… კონსტიტუციაში, რომ… საქართველოს სწრაფვა უნდა იყოს ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით…“.

ოპოზიციის გამოხმაურება

თინა ბოკუჩავა – ფრაქცია „ენმ-ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე: „ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ომის დაწყებას აბრალებს ნატოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. ეს არის ძალიან ღია გზავნილი, მათ შორის, საქართველოსთვის, რომ რამენაირად შეცვალონ ქართველი ხალხის განწყობა, რომელიც ამბობს, რომ მათ სურთ ევროკავშირში და ნატოში… ეს არის ძალიან მიზანმიმართული, კრემლის მიერ წარმოებული ანტიდასავლური რიტორიკა… ღარიბაშვილის გზავნილები, არა თავისუფალი სამყაროს და დასავლეთის გზავნილებს ემთხვევა, არამედ ერთი ერთში იმეორებს პუტინის გზავნილებს“.

ანა ბუჩუკური – „საქართველოსთვის“: „„ქართული ოცნება“ გვთავაზობს ახლებურ ნარატივს, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის აბსოლუტურად შეუთავსებელია… რომ თითქოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის კეთილი ნების საფუძველზე არსებობს. ფრთხილად ვიქნებოდი, ამ ბატონების ნაცვლად“.

ანა ნაცვლიშვილი – „ლელო საქართველოსთვის“: „ეს კაცი გადაიქცა რუსეთის რუპორად, იმ რუსეთის, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო იზოლაციას… უცხადებს. აღარსად იწვევენ რუსეთს, მაგრამ მათ მაგივრად დადის ღარიბაშვილი და კრემლის გზავნილებს აჟღერებს“.

ხატია დეკანოიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „რუსეთი თავს ესხმის ყველას, ვისი მიერთების სურვილიც აქვს, ეს არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. რუსეთს არ უნდა დამოუკიდებელი, სუვერენული, განვითარებული… საქართველო, უკრაინა… ჩვენ გვახსოვს რუსეთის, პუტინის განცხადებები… 2008 წელი, როცა პირდაპირ აპირებდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გადაგდებას, დაჭერას, ქვეყნის დაპყრობას, თბილისში შემოსვლას და გახსოვთ, უკრაინაში როგორ დაიწყო სამხედრო აგრესია, როცა პუტინმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინა არ არის სუვერენული ქვეყანა, ამიტომ ნატოში გაწევრიანებაზე პროპაგანდა შეესაბამება იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც არჩეული აქვს „ქართულ ოცნებას – ეს არის რუსეთი“.

გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე: „ეს არის სწორედ მაგალითი, როცა ვსაუბრობთ ღალატზე. ეს არ არის უბრალო სიტყვა, მაგრამ როცა ასე იქცევა შენი ქვეყნის პრემიერმინისტრი, ამას უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება – საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button