Placeholder canvas
ახალი ამბები

„TI საქართველო“ რუსეთთან ფრენების აღდგენაზე პრემიერის მხრიდან „მანიპულაციაზე“ საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) 22 მაისს გამოქვეყნებულ ანალიზში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობის შესახებ „მანიპულაციასა“ და ანტიდასავლურ რიტორიკაზე ამახვილებს ყურადღებას.

ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, არასწორია, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები, რომ ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის განმარტებით, ევროკავშირი საქართველოს არა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტისკენ, არამედ მის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში დაწესებულ სანქციებთან მიერთებისკენ მოუწოდებს, „რადგან საქართველო არ გახდეს რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რისი ალბათობაც, ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იზრდება“.

ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის რიცხვებით მანიპულირება

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, მანიპულაციურია პრემიერის ის განცხადებაც, რომ „ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა საქართველოს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან… 2022 წელს საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მლრდ დოლარამდე იყო, ხოლო ევროკავშირის [რუსეთთან] 270 მლრდ დოლარი“.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა“, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ აქცენტის იმაზე გაკეთება, რომ ევროკავშირს რუსეთთან გაცილებით დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს, მანიპულირებაა, რადგან ევროკავშირის ეკონომიკა 20 ტრილიონ აშშ დოლარამდეა და „მასში ვაჭრობის მცირე წილიც კი მაღალი რიცხვი გამოდის“.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განმარტებით, თუ გვაინტერესებს, ომის დაწყების შემდეგ, როგორ შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ერთმანეთს ის უნდა შევადაროთ, თუ რა წილი აქვს რუსეთს ევროკავშირის და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში და რა გააკეთეს ამ წილების შესამცირებლად. „2021 წელთან შედარებით ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტის 49% და რუსეთიდან იმპორტის 58% დაასანქცირა. საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად“.

ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ფინანსდება, როდესაც მისი პროდუქცია იმპორტით შედის სხვა ქვეყანაში. ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს, რომ 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პერიოდში, ევროკავშირის იმპორტში რუსეთის წილი 9.5% იყო, 2023 წლის მარტის მონაცემებით კი 1.9% (ნომინალურ გამოსახულებაში 21 მლრდ ევროდან 4 მლრდ ევრომდე შემცირდა“.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

საპირწონედ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებზე დაყრდნობით, „TI საქართველო“ განმარტავს, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში 9.4% იყო, 2023 წლის მარტში კი – 12.2%. (ნომინალურ გამოსახულებაში 96 მლნ აშშ დოლარიდან 151 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა).

„2022 წელს საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი კი არ შეადგინა, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, არამედ 2.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც 52%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ევროკავშირის რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა კი ყოველთვიურად მცირდება“, – ხაზს უსვამს ორგანიზაცია.

რისკები ევროინტეგრაციის გზაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის ფონზე ქართული კომპანიების დასანქცირების რისკებზეც საუბრობს. „TI საქართველო“ განმარტავს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დახურვისა და სანქციების დაწესების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება ნებისმიერ რუსულ კომპანიას ეხება, მათ შორის, რუსულ კომპანია „აზიმუტს“, რომელმაც თბილისში ფრენები უკვე დაიწყო.

ორგანიზაციაში ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთთან პოლიტიკური დაახლოება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასაც შეაფერხებს, „რადგან ევროკავშირი ასპირანტი ქვეყნებისგან საგარეო პოლიტიკის გაზიარებას მოელის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button