„TI საქართველო“: 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა, რაც „ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული“.
- 08/11/2022 – „TI საქართველო“: 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა
„რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს“, – ნათქვამია ანგარიშში და მაკროეკონომიკური კუთხით არსებულ საფრხეებზეც არის ყურადღება გამახვილებული.
საგარეო ვაჭრობა
კვლევის თანახმად, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 6.8%-ით გაიზარდა რუსეთში ექსპორტი და 652 მლნ აშშ დოლარი გახდა, იმპორტმა კი – 79%-ით 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე მოიმატა. „საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.7% იყო, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან შემოსული პროდუქციის წილი 10.1%-დან 13.6%-მდე გაიზარდა, „რაც ბოლო 17 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია“.
„საბოლოო ჯამში, 2022 წელს რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.4%-დან 13.1%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია“.
ანგარიშის თანახმად, „ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა“ და გასულ წელს, 63.8-მდე გაიზარდა საქართველოს ღვინის ჯამურ ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილიც, „რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“. 2022 წელს რუსულ ბაზარზე 161 მლნ აშშ დოლარის ღვინო გავიდა. შემდეგ მოდიოდა – ფეროშენადნობები 109 მლნ აშშ დოლარით; უალკოჰოლო სასმელები – 90 მლნ აშშ დოლარით, მსუბუქი ავტომობილები – 76 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 623 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა – ხორბალი და ხორბლის ფქვილი – 128 მლნ აშშ დოლარით, ბუნებრივი აირები (გაზი) 112 მლნ აშშ დოლარით, ქვანახშირი და კოქსი – 78 მლნ აშშ დოლარით.
ტურიზმი და ფულადი გზავნილები
რუსეთიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების ზრდის ტემპზე საუბრისას, ანგარიშში ერთმანეთთან 2022 წლისა და 2019 წლის მონაცემებია შედარებული, რადგანაც კოვიდპანდემიის გამო 2020-2021 წლებში „ძალიან შემცირებული იყო“.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე 26%-ით ნაკლებია. თუმცა, 2022 წლის სექტემბერ-დეკემბერში რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორების რიცხვმა 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს 14%-ით გადააჭარბა. „სექტემბრიდან დაფიქსირებული ზრდა, გარკვეულწილად 21 სექტემბერს რუსეთში გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას შეიძლება უკავშირდებოდეს“.
ამასთან, 2022 წელს საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში რუსი ვიზიტორების წილი 20% იყო, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 4.3 პროცენტული პუნქტით აღემატება, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ. „[2011 წლიდან] საქართველოს ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-თვის აქამდე არასდროს მიუღწევია“.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში 891 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელზე 15%-ით, ხოლო 21 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია.
„საქართველოში შემოსული ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლის წილი 2022 წელს 25.3% იყო. ცნობისათვის, ანალოგიურმა მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს – 26.3%-ს, 2018 წელს მიაღწია“.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს რუსეთიდან ჯამში 2.1 მლრდ აშშ დოლარი გამოიგზავნა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. საყურადღებოა, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყებიდან და თუკი, 2022 წლის იანვარ-მარტში თვეში საშუალოდ 24 მლნ აშშ დოლარი ირიცხებოდა, აპრილში უკვე 133 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაისში კი – 314 მლნ აშშ დოლარი.
„რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან ფულად გზავნილებში 47.3%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2014 წელს იყო“.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში (მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის) რუსეთიდან 33 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 51%-ით ნაკლებია.
ანგარიშში გამოცემა „BMG-ის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ 2022 წლის მე-3 კვარტალში რუსეთიდან შემოსული რუსული ინვესტიციიდან 29 მლნ დოლარი უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო.
რუსული კომპანიები
ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. „საქართველოში სულ 22 400-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი 66% უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა“.
„გასულ წელს დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა“.
რეკომენდაციები
რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ:
- უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება.
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის.
- რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება საქართველოში ამჟამად მოქმედი წესისგან განსხვავებული რეჟიმით უნდა განხორციელდეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/09/2022 – კვლევა: ბიზნესის 62% ამბობს, რომ მათ საქმიანობაზე რუსეთ-უკრაინის ომმა უარყოფითი გავლენა მოახდინა
- 02/09/2022 – IDFI: საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)