ახალი ამბები

კარასინი-აბაშიძის აუდიოჩანაწერს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა

ქართული სატელევიზიო მედიასაშუალებებით 1 თებერვალს აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა თავად ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა.

ჩანაწერში კარასინი აბაშიძეს ეუბნება, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები კმაყოფილები არიან ბოლო კომუნიკაციით, რომელიც, მისივე თქმით, „პროდუქტიული“ აღმოჩნდა და რომელზეც მხარეებმა ორმხრივი ინტერესი გამოხატეს ზემო ლარსისა და სხვა პრობლემების გადაჭრაში. მანვე აღნიშნა, რომ მათ ამ კომუნიკაციის რეგულარულ პროცესად გადაქცევა სურთ და პერსპექტივაში ახალი კორიდორის მშენებლობის გეგმაზეც მიანიშნებენ, რომელიც, სავარაუდოდ, კრასნოდარის მხარიდან „სამხრეთ ოსეთის“ მარცხნივ გაივლის.

აუდიოჩანაწერით, კარასინის ნათქვამზე აბაშიძე პასუხობს, რომ არ იცის, თუ რა ახალ კორიდორზეა საუბარი, თუმცა დასძენს, რომ მიმდინარეობს ლარსის პარალელური მაგისტრალის მშენებლობა, თავისი ახალი გზებითა და გვირაბებით, რომელთაგან ერთი 9 კმ სიგრძის იქნება, ყველაზე გრძელი კავკასიაში. აბაშიძე ასევე განმარტავს, რომ აღნიშნულით სომხური მხარეც არის დაინტერესებული, რომ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ლარსზე მისი მინისტრიც გამოგზავნა, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებს გაესაუბრა. აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი მაგისტრალი ლარსზე მოძრაობას განტვირთავს და დააჩქარებს.

აუდიოჩანაწერს, რომელსაც ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, გუშინვე გამოეხმაურა ზურაბ აბაშიძე და თქვა, რომ ვერ მიხვდა, „სასკანდალო რა არის“. „რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი. და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – განაცხადა მან.

2012 წლის ბოლოდან, საქართველო-რუსეთს შორის აბაშიძე-კარასინის არაფორმალური მოლაპარაკებების ფორმატი მოქმედებს, რომლის მიზანიც ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში რუსეთთან პირისპირ დიალოგის ფორმატის ამოქმედება არაერთხელ ყოფილა ოპოზიციის კრიტიკის საგანი. ამასთან, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდებაშიც არაერთხელ დაადანაშაულეს, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხი

იმის დასაზუსტებლად, თუ რა ახალი გზის მშენებლობაზე იყო ჩანაწერში საუბარი, „სამოქალაქო საქართველო“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ, სავარაუდოდ, საქმე ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების მშენებლობას ეხება. სამინისტრომ დამატებითი დეტალებისთვის თავად აბაშიძესთან გადაგვამისამართა.

სამინისტროს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს. „გვირაბებს შორის გამორჩეულია 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება“.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს თქმით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტის აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

„ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან. გზა აღარ ჩაიკეტება და სოფელში მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე“, – აცხადებენ უწყებაში.

პოლიტიკური შეფასებები

აბაშიძე-კარასინის დიალოგში პრობლემა ვერ დაინახეს მმართველ გუნდში და ოპონენტები აჟიოტაჟის „ხელოვნურად“ შექმნაში დაადანაშაულეს. „კარასინს და აბაშიძეს რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ, ამაში რა? პირველად გაიგეთ, ეს? სიახლეა თუ? ჩემთვის არაფერი არ არის ახალი, იმიტომ რომ ამაზე ღიად ხდება ხოლმე განცხადებების გაკეთება“, – თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„ვერაფერი ვერ მოხდება ქართველი ხალხის ზურგს უკან. ეს ფორმატი [აბაშიძე-კარასინის] არსებობს, ისევე, როგორც [სხვა] ფორმატები ომში მყოფ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების“, – უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკი.

აბაშიძის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე დაბარება მოითხოვა, პარტია ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა. „მან [უნდა] მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რა ახალ პროექტებზეა საუბარი, რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს მას რუსეთის ხელისუფლება“, – განაცხადა, მან და დასძინა, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის ყველა დავალებას, „ზედმიწევნით“ ასრულებს, „უნდა ვიგულისხმოთ, რომ სხვა დავალებებიც, მათ შორის სატრანსპორტო დერეფნის გაფართოებაც უახლოეს მომავალში დაიწყება“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ჩანაწერში მოლაპარაკების ისეთ ახალ ფორმატზეა საუბარი, რის შესახებაც „არავის გვსმენია“. „ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვეტილი გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან, „ქართული ოცნება“ მათთან დღენიადაგ საუბრობს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. როცა მალავ, როცა ამას ზურგს უკან აკეთებ, ეს ცალსახად დანაშაულის მამტკიცებელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, – განაცხადა მან.

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, „ქართული ოცნების” დამფუძნებელი, „არაფორმალური ოლიგარქი“, ბიძინა ივანიშვილი, „ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას“. „მთავარი კითხვა არის, თუ რას ვშვებით ჩვენ? ვეგუებით თუ არა, ამ პრორუსული [ხელისუფლების] მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას“, – განაცხადა მან და საზოგადოებას 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ჩანაწერით ის ჩანს, რაც ისედაც ვიცოდით, რომ ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკება რუსეთს. „პრობლემა არის ის, რომ არ ვიცით, რაზე არის ეს მოლაპარაკებები… კიდევ უფრო დიდი პრობლემა არის, რომ შევეჩვიეთ, თითქოს ეს არის ნორმალური ამბავი, როცა ჩვენს ზურგს უკან, კაცმა არ იცის, რაზე ივანიშვილი თანხმდება ამ ქვეყნის ნომერ პირველ მტერთან“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button