ახალი ამბები

იდეოლოგიური შეუთავსებლობის მიზეზით „ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება“, – თქვა 11 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ქართული ოცნების“ მიერ ევროპის სოციალისტური პარტიის დატოვებას წინ უძღვოდა მათი მხრიდან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის გამო კრიტიკა, სადაც მან ძირითადი დრო ტრადიციულ ღირებულებებზე, ოჯახსა და ქრისტიანულ რელიგიაზე საუბარს დაუთმო. მაშინ, ევროპის სოციალისტურმა პარტიამ განაცხადა, რომ მომდევნო, ივნისის შეკრებაზე შეაფასებდა „ქართული ოცნებასთან“ თანამშრომლობის სტატუსს. ორი დღის წინ, პარტნიორი პარტიის გადაწყვეტილების შეფასებისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამაზე მმართველ პარტიას პოლიტსაბჭოს ფორმატში ექნებოდა მსჯელობა. „ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში“.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილების მიზეზად ირაკლი კობახიძემ ბოლო წლებში ევროპის სოციალისტური პარტიის „იდეოლოგიური ტრანსფორმაცია“ დაასახელა და განმარტა, რომ ეს პარტია „სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს“. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ევროპის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა კრიტიკულად შეაფასეს ბუდაპეშტში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაში, „რომლის დევიზი იყო – ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. „მეტიც, მათი მხრიდან გაისმა ერთგვარი საჯარო მუქარა თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, რასაც წინ არ უძღოდა არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ხელმძღვანელების ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“.

ირაკლი კობახიძისვე განმარტებით, 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრია, ამ ჯგუფს „არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად“. „მეტიც, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს“.

ამის მაგალითებად მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპის სოციალისტური პარტიის ცალკეული წარმომადგენლების მიერ იმ „აბსურდული“ რეზოლუციების მხარდაჭერა დაასახელა, „რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა“. სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არცერთხელ არ დაუგმია“.

„ასეთ პირობებში, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „დღეიდან, „ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული“.

პრემიერის განმარტება

ევროპის სოციალისტური პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილებას მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ „ეს პარტია, ეს გაერთიანება, ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო, იგივე იდეოლოგიურ ნაწილში, იგივე მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა „ნული მხარდაჭერა“.

მისივე თქმით, „პირველი ბზარი“ მაშინ გაჩნდა, როდესაც სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ „სამარცხვინო რეზოლუციას“ დაუჭირეს მხარი, სადაც „ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის, კაცმა, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა. და კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა, 20% ჩააბარა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს, აწამა, გააუპატიურა, დატანჯა, თურმე ეს არის უსამართლობა“.

„იქ თან ბევრი გაუგებრობები მოხდა. იგივე, მე წავედი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, CPAC-ზე, სადაც პრეზიდენტები დადიან ამერიკის და კონგრესმენები, ძალიან ბევრი გამოჩენილი პოლიტიკოსი და დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე თურმე, თქვეს, რომ ანტი ლგბტ ფრაზები გამოიყენაო და ეროვნულ კონსერვატიულ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა“, – განაცხადა მან და დასძინა – „უკაცრავად, მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებთ“.

პრემიერის თქმით, „აქ არაფერი არ ხდება“, უბრალოდ „მომწიფდა ეს სიტუაცია“ და „ქართულ ოცნებასთან“ პარტნიორობის გადახედვა თავად ევროპის სოციალისტურმა პარტიამაც დააანონსა. „ჯერ როგორ შეიძლება, შეურაცხმყოფელია ხო ეს დამოკიდებულება, თუ პარტნიორები ვართ და თუ რაღაც კოლეგიალობაზეა საუბარი, გავისაუბროთ, ვილაპარაკოთ, მხარი დაგვიჭირეთ, აგვიხსენით“.

„ამიტომ, ეს იყო მიუღებელი. ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა და ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ, ყველას. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მმართელ პარტიას ექნება კონსულტაციები, დააკვირდებიან და სხვა კონსერვატიულ პარტიებთან ითანამშრომლებენ.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 12 მაისს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button