ახალი ამბები

საქართველო სამხედრო სწავლება „დამცველი 23-ში“ არ მონაწილეობს

22 აპრილს მრავალეროვნული სწავლება „დამცველი 23“ დაიწყო, რომელიც 23 ივნისამდე გაგრძელდება. სწავლებაში 7 800-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და 20-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის 15 000 ჯარისკაცი მონაწილეობს. საქართველო წლევანდელ სწავლებაში ჩართული არ არის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი“ ბოლო ოთხი წელი ჩაატარა, თუმცა საქართველომ მასში მხოლოდ 2021 წელს მიიღო მონაწილეობა.

რა არის „დამცველი 23“?

„დამცველი 23“ არის აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებული მრავალეროვნული სწავლება, რომლის მიზანიც აშშ-ისა და ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებაა. სწავლებას ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების არმია უძღვება და მისი მთავარი მიზანია ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების უნარის დემონსტრირება სწრაფად განათავსოს ბრძოლისუნარიანი არმია და ტექნიკა და ამ გზით შეაკავოს პოტენციური აგრესორები ევროპაში და დაიცვას კონტინენტი შესაძლო თავდასხმებისგან. ამასთან, სწავლება ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების მზაობას საკუთარი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, მასშტაბი და ურთიერთთავსებადობა გაზარდონ.

საქართველოს მონაწილეობა „დამცველ 23“-ში

სწავლებაში საქართველოს მონაწილეობის საკითხმა დებატები გამოიწვია. 30 აპრილს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველო წელს 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს, თუმცა კონკრეტულ სწავლებაში შეიძლება ვერ ჩაერთოს, რადგან ეს შეიძლება ხარჯებთან ან ლოჯისტიკურ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, რაც „არაფერს არ ცვლის“. „ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ჩვენ ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე რეკორდულად მაღალი ციფრებია ჩვენი საზღვარგარეთ მონაწილეობის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ამით სპეკულირებას პერსპექტივა არ აქვს“.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო თავდაპირველად მონაწილეთა სიაში იყო, თუმცა მოგვიანებით ეს სია ოფიციალური საიტიდან წაშალეს.

„სამოქალაქო საქართველო“ ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის საზოგადოებრივ საქმეთა სპეციალისტს, ელიზა კანტრელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა:

„მოცემულ მომენტში საქართველო არ მონაწილეობს „დამცველ 23“-ში. მიუხედავად ამისა, სამხედრო წვრთნების დაგეგმვა დინამიური და ხშირად ცვალებადი მოვლენაა; ამიტომ, მონაწილე ქვეყნები შეიძლება ნებისმიერი მიზეზით შეიცვალონ. კითხვებით, თუ რატომ გადაწყვიტეს ქვეყნებმა არ მიიღონ სწავლებაში მონაწილეობა, ან მიიღებენ თუ არა მომავალში მონაწილეობას, თავად ამ ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს უნდა მიმართოთ“.

წარსულში საქართველოს მონაწილეობა „ევროპის დამცველში“

სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი“ პირველად 2020 წელს გაიმართა. ის დაგეგმილი იყოს როგორც „ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველაზე მსხვილი განთავსება ბოლო 25 წლის მანძილზე“.

სამხედრო სწავლებამ „ევროპის დამცველი“ 2021 წლიდან ოფიციალურად ყოველწლიური ხასიათი მიიღო. ამასთან, „ევროპის დამცველი 21“ – ში აშშ-ის პარტნიორი და მოკავშირე სახელმწიფოების ყველაზე დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა სიაში საქართველოც იყო, რომელმაც სწავლებაში 25 სხვა ქვეყანასთან ერთად ჩაერთო. ზოგი ვარაუდობდა, რომ სწავლება რუსეთის წინააღმდეგ ნატოს მზადება იყო, რამაც EU vs. Disinfo-ს უბიძგა, რომ დეზინფორმაციის შესახებ ინფორმაცია გაევრცელებინა და განემარტა, რომ კრემლისთვის დამახასიათებელი დეზინფორმაციის გავრცელება სწავლების შესახებ არაზუსტია. პირველი, სწავლებას არა ნატო, არამედ აშშ უძღვებოდა. მეორე, მისი მიზანი აშშ-ის, ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის სტრატეგიული და ოპერატიული მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაძლიერება იყო.

ევროპის დამცველი 22“-ში სულ თორმეტმა ნატოს წევრმა და პარტნიორმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, აღნიშნული მიკერძოებულად გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ. საზოგადოებისთვის განვუმარტავთ, რომ თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“.

რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას „დამცველ 2023-ში“, უწყების განმარტებით, „თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას“.

აშშ-ის საელჩოს განცხადება

საქართველოში აშშ-ის საელჩომ 3 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ადასტურებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა „დამცველი 23“-ში აშშ-ის წარმომადგენლებთან კონსულტაციის გზით მიიღო.

განცხადებაში წერია: „შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა.“

ჯეიმს აპატურაის განცხადება

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ 3 მაისს, საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა მას, რომ, გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა „დამცველ 23“-ში აშშ-სთან კონსულტაციის გზით იქნა მიღებული. აპატურაის თქმით, მას არ აქვს დამატებითი ინფორმაცია ამ კონკრეტული სწავლების შესახებ, თუმცა მან ხელისუფლების წარმომადგენლებთან მომავალ ერთობლივ სწავლებებზე ისაუბრა, მათ შორის ენერგო და კიბერ უსაფრთხოების სფეროებში, რომლებშიც საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთად იმუშავონ, რაც ერთობლივი სწავლებების გამართვასაც გულისხმობს. ახლა ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით, რომ სამხედრო თვალსაზრისით საკუთარი თავის დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა… ამიტომ, მოგიწოდებთ მაქსიმალური, შესაძლო თანამშრომლობისკენ სწავლებებში“, – დასძინა მან.

შენიშვნა: მასალა აშშ-ის საელჩოსა და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის განცხადებების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button