skip to content
ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი

4-5 აპრილს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 57–ე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა თავდაპირველად მარტში იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო, რასაც აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის მონაწილეების უკმაყოფილება და კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა დელეგაციის „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე“.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

თბილისის პოზიცია 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაუთმოთ, „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას“. 

ამავე ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხზე მსჯელობისას რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ტრადიციულად მოლაპარაკებების დარბაზი ტრადიციულად დატოვეს.

მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის პოზიციები 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს „დისკუსიების პოლიტიზება რეგულარული რაუნდების არამოტივირებული გაუქმებისა და გადადების გზით“ და რომ ხანგრძლივი პაუზები მოლაპარაკებების პროცესში რეგიონში დაძაბულობის ზრდის რისკს ქმნის. სამინისტრომ ასევე აღნიშნა აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის პოზიციების ერთსულოვნება ამ საკითხზე.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია „კოლექტიური დასავლეთის“ უწყვეტი მცდელობები, რომ კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან „ამიერკავკასიაში“ გადაიტანონ, რაც გამოიხატება თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში, რომ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „მეორე ფრონტი“ გახსნას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კმაყოფილებით“ აღნიშნა ის თავშეკავება, რომელსაც სოხუმში, თბილისსა და ცხინვალში იჩენენ, რის შედეგადაც ადგილზე „მშვიდი“ ვითარებაა და სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ აქვს. სამინისტრო მიესალმა დიალოგის შენარჩუნებას ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში და დასძინა, რომ „დღის წესრიგში“ ასევე დგას გალის ანალოგიური მექანიზმის ფუნქციონირების აღგენის საკითხი. მოსკოვმა კიდევ ერთხელ დააყენა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების, ასევე ე.წ. „საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის“ საკითხები.

მოსკოვის მსგავსად, სოხუმმაც განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების საკითხზე და აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ საკითხის განხილვაზე უარი განაცხადა. სოხუმმა გალის IPRM-ის მექანიზმის აღდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აფხაზეთის დელეგაციის წინადადებებს მექანიზმის ფუნქციონირების აღდგენის თაობაზე ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ მოჰყვა“. აფხაზურმა დელეგაციამ სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოს ბოლოდროინდელი შიდა პოლიტიკური მოვლენების გამო, რაც თანდათან „უცხოურ პოლიტიკურ კონტექსტს იძენს“ და აღნიშნა, რომ ქართული ოპოზიციის მოწოდებებს „ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს და რეგიონში დაძაბულობის ახალი ესკალაცია გამოიწვიოს“. რაც შეეხება მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობას, სოხუმმა განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ „აფხაზური პასპორტების“ საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტებად გამოყენების, ასევე განათლებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები დააყენა.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის მონაწილეებმა ძალის გამოუყენებლობის, დემარკაციისა და დელიმიტაციის, IPRM-ის მექანიზმის მნიშვნელობის, ასევე ცხინვალისა და აფხაზეთის მცხოვრებთა მიმართ „ზოგიერთი სახელმწიფოს დისკრიმინაციული სავიზო პოლიტიკის“ საკითხები დააყენეს. ცხინვალის ინფორმაციით, „დევნილთა საკითხზე განხილვა არ შედგა და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო საკითხის პოლიტიზებას შეწყვეტს“. 

თანათავმჯდომარეების კომუნიკე

შეხვედრის შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა პრესისთვის კომუნიკე გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, მონაწილეებმა წინა რაუნდის შემდეგ, რეგიონებში არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

თანათავმჯდომარეების თქმით, საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მონაწილეები ერთხმად შეთანხმდნენ დისკუსიების გაგრძელების საჭიროებაზე.

თანათავმჯდომარეებმა სინანული გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა დევნილთა საკითხის სრულფასოვნად განხილვა ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო. 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button