ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდი

29-30 ივნისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 53–ე რაუნდი გაიმართა.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

თბილისის პოზიცია

ჟენევის დისკუსიების 53-ე რაუნდის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა ზაზა გახელიძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და სოფელ აიბღას ნაწილის უკანონოდ მიერთება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქართველმა მონაწილეებმა ამ კონტექსტში დააყენეს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ გაფორმებული „პროგრამის“ ფარგლებში აფხაზეთის რეგიონის რუსეთში ინტეგრაციის მიმართულებით გააქტიურებული მუშაობა, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვა“.

ქართულმა მხარემ ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესის, ხელოვნური ბარიერებისა და მავთულხლართების აღმართვის, მიმდინარე „მილიტარიზაციის“, სამხედრო წვრთნების, „მცოცავი ოკუპაციის“ და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევების შესახებ.

ჰუმანიტარულ სიტუაციაზე საუბრისას, თბილისმა ორივე ოკუპირებულ რეგიონში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული დისკრიმინაციის, ასევე ეთნიკურად ქართველებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უზრუნველყოფის საკითხები დააყენა.

„აღინიშნა საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შედეგად გამოწვეული ფატალური შემთხვევები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში მდინარე ენგურში ოთხი მოქალაქის დახრჩობისა და კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ხევში გადაჩეხვის ჰუმანიტარულ ტრაგედიაზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ისევ სცადეს დევნილთა სახლებში დაბრუნების საკითხის პოლიტიზება და „დისკუსიის მსვლელობისას კვლავ დატოვეს მოლაპარაკებები“.

რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის პოზიციები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სიტუაცია ადგილზე სტაბილური რჩება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თბილისის მიერ „დელიმიტაციის პროცესის“ სწრაფი დაწყება რეალურად წინ წასწევდა ურთიერთქმედებას ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით.

მოსკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონში მყარი და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე, რომლის მნიშვნელობაც კიდევ უფრო იზრდება შავი ზღვის რეგიონში ნატოსა და აშშ-ის სამხედრო ძალების კონცენტრაციის ფონზე.

რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ დევნილთა დაბრუნების კუთხით თბილისის მიერ განხორციელებული ძალისხმევა „პოლიტიზებულია“, ვინაიდან ცხინვალისა და სოხუმის ხელისუფლებებს „წართმეული აქვთ უფლება“, რომ გაეროში ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება წარადგინონ.

სოხუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს დისკუსიების დროს, რომ „უცხოური სახელმწიფოების“ მიერ „აფხაზეთის საჰაერო სივრცის“ დარღვევა ხშირი და უკონტროლო გახდა. მათ ამგვარი ქმედებები თბილისის მიერ „განზრახ განხორციელებულ პროვოკაციებად“ შეაფასეს.

მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა კიდევ ერთხელ გამოხატეს „მზარდი შეშფოთება საქართველოში ნატოს ქმედებების მიმართ და აღნიშნეს, რომ ამგვარმა ქმედებებმა, შესაძლოა, რეგიონში სიტუაციის გრძელვადიანი სტაბილიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირი გამოუთხარონ“, – იტყობინება „აფსნიპრესი“.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა გალში 2018 წლის ივნისიდან შეჩერებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა კომუნიკე გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, „მონაწილეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, დაკავების შემთხვევები, გაუჩინარებული პირები, გადაადგილების თავისუფლება და გარკვეულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება“.

განცხადების თანახმად, მონაწილეებმა უსაფრთხოების მექანიზმებსა და ძალის არგამოყენებაზე ისაუბრეს და ჟენევის დისკუსიების პროცესის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მხარეებმა ასევე განიხილეს პანდემიის ზეგავლენის შესამსუბუქებლად ერთობლივი ძალისხმევის განხორციელების შესაძლებლობები.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „დევნილთა და ლტოლვილთა მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსია ვერ გაიმართა“, რადგანაც „ზოგიერთმა მონაწილემ შეხვედრა დატოვა“.

თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მხარეებს, რომ ნდობის დასამყარებლად ძალისხმევა გააძლიერონ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან „კონსტრუქციული თანამშრომლობა“ უზრუნველყონ.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ IPRM-ის ერგნეთის შეხვედრების ჩატარებას და გალში ანალოგიური შეხვედრების აღდგენის საჭიროებას გაუსვეს ხაზი.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2021 წლის 12-13 ოქტომბერს დაიგეგმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button