„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ 12 პუნქტის შესასრულებლად საპარალამენტო ფორმატებში მონაწილეობისთვის მზადაა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ფარგლებში შექმნილმა „საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ“, რომელიც ადგილობრივ და პარტნიორ ქვეყნებში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, მზადყოფნა გამოხატა მონაწილეობა მიიღოს „არსებულ, ლეგიტიმურ საპარლამენტო ფორმატებში [ევროკავშირის] 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად“.
28 მარტს გავრცელებულ განცხადებაში პლატფორმა შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებულ „პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალ ხარისხზე“ და ამ კონტექსტში, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების „გავლენის აგენტებად“ და „მეხუთე კოლონად“ მოხსენიებაზე ამახვილებს ყურადღებას. „ასეთი რიტორიკა ქმნის განცდას, რომ, მაღალი ალბათობით, მოსალოდნელია რეპრესიები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ“.
პლატფორმა სასამართლო სისტემის რეფორმისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებზეც მიუთითებს და ხაზს უსვამს, რომ მათ შესრულებაზე „პირდაპირ არის დამოკიდებული საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“.
სწორედ „საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ მიწვეულნი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებში. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებისთვის შექმნილ ჯგუფში პლატფორმამ პარლამენტს საარჩევნო თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ჩართვა შესთავაზა. თუმცა, მმართველმა პარტიამ პროცესში ISFED-ის ჩართვაზე უარი თქვა, რის შედეგადაც არასამთავრობოებმა სოლიდარობის ნიშნად, „სამართლიანი არჩევნების“ დაშვებამდე სხვა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარი თავადაც თქვეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/08/2022 – არასამთავრობოები ქართულ ოცნებას ISFED-ის სამუშაო ჯგუფში ჩართვისკენ მოუწოდებენ
- 19/08/2022 – ევროკავშირის წარმომადგენლობა სამუშაო ჯგუფებში არასამათავრობოთა ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს
- 18/08/2022 – საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის ჩართვაზე უარისთვის მმართველ პარტიას აკრიტიკებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)