პრეზიდენტი მოქალაქეებს „აგენტებზე“ კანონპროექტების გაწვევაზე გადაწყვეტილებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც საზოგადოებას „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების გახმობაზე მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებით მიღწეული „პირველი გამარჯვება“ მიულოცა და ხელისუფლების „ამ სწორ“ ნაბიჯს მიესალმა.
„ეს მისგან [მმართველი გუნდისგან] არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა, ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. ის ერთიანობა, რომელიც არ შეიძლება, რომ თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება რომ მთავრობამ და პარლამეტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად. გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, გამოჩნდა ასევე საზღვარგარეთ. მთელმა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება“.
პრეზიდენტის შეფასებით, ეს ასევე იყო დეპოლარიზაციის პირველი ნიშანი, რადგანაც „ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და ეს გაერთიანება საზოგადოების ძალიან კარგად გამოჩნდა“. „ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს გაერთინება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე მე უკვე გითხარით, რომ თქვენ გვერდით ვარ“.
„კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია. პირველი ნაწილი [ევროკომისიის] რეკომენდაციების ამით შესრულებულია“, – თქვა პრეზიდენტმა და მოუწოდა ხელისუფლება „არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყანარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს“.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოქალაქეებს უთხრა, რომ ესმის მათი ხელისუფლებისადმი უნდობლობის განცდის, თუმცა მოუწოდა, რომ ნუ შეეშინდებათ იმის, თუ „რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ“, რადგანაც „ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან“, ვეტოს დაადებს.
„ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა“, – განაცხადა მან.
ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ყველა შეხვედრა ქვეყნის პოზიციების გამაგრებას ემსახურება. „ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, რომ ჩვენ მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება ეჭვი შეეპაროს“.
„მე ვარ თქვენ გვერდით და ვიქნები თქვენს გვერდით!“, – თქვა მიმართვის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/03/2023 – აშშ-ის საელჩო მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად უარყოს „აგენტებზე“ კანონპროექტები
- 09/03/2023 – საერთაშორისო პარტნიორები მიესალმებიან „აგენტებზე“ კანონპროექტის გაწვევის გეგმებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)