skip to content
ახალი ამბები

კვლევა: საქართველოს მოქალაქეები ძლიერ პროდასავლურ ორიენტაციას ინარჩუნებენ

საქართველოში საგარეო საფრთხეების აღქმის შესახებ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ძლიერ პროდასავლურ ორიენტაციას ინარჩუნებენ და უმრავლესობას არ სჯერა, რომ დათმობების გზით შესაძლებელია რუსეთთან ომის არიდება.

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ კვლევა „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით 2022 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, 1 523 ზრდასრული (18+) ადამიანი გამოკითხეს.

ნატო და ევროკავშირი

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულების 54% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს, 16%-ს კი – მიაჩნია, რომ უფრო მეტ სარგებელს მათზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღებს, ასევე 16% არცერთ მოსაზრებას ეთანხმება, 14%-მა კი – არ იცის ან უარია პასუხზე. ამასთან, 73% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს, 48% კი – ფიქრობს, რომ ნატოს წევრობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობა იქნება.

გარდა ამისა, გამოკითხულების 63% არ ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა ეროვნული იდენტობის საფრთხეს ქმნის. ამასთან, რესპონდენტების 47%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა დასავლურ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან უნდა ჰქონდეს, 12%-ის მოსაზრებით – რუსეთთან, 15% კი – ფიქრობს, რომ სხვა ქვეყნებთან.

წყარო: CRRC

რუსეთის მხრიდან საფრთხეები

კვლევის თანახმად, 71%-ს მიაჩნია, რომ ნატოს წევრობა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის შესაძლებლობას გაზრდის. ამასთან, 36% ფიქრობს, რომ გარკვეულ დათმობებზე წასვლით საქართველოს რუსეთთან ომის თავიდან არიდება შეუძლია, 22% მიიჩნევს, რომ ეს რუსეთთან ომს ვერ აგვარიდებს. 23% ფიქრობს, რომ რუსეთთან ომის საფრთხე საერთოდ არ გვაქვს.

მიუხედავად ამისა, რესპონდენტების 60% ამბობს, რომ რუსეთთან ომის არიდების სანაცვლოდ, საქართველომ დასავლურ ორიენტაციაზე უარი არ უნდა თქვას. ომის თავიდან აცილების მიზნით დასავლურ ორიენტაციაზე უარის მომხრე მხოლოდ 20%-ია. 20%-მა არ იცის ან უარის პასუხზე.

წყარო: CRRC

ომი უკრაინაში

რესპონდენტების 46%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან დათმობებით უკრაინა ომს თავს მაინც ვერ აარიდებდა. ამდენად, დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ის დათმობებზე არც უნდა წასულიყო/წავიდეს. გამოკითხულების 36%-ს სჯერა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებით დასრულდება, 30%-ს კი – მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ნაწილობრივი ოკუპაციით.

უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერების ქმედებებს ძალიან დადებითად 26% აფასებს, 37% მეტწილად დადებითად, 14% მეტწილად უარყოფითად, 9% ძალიან უარყოფითად. რაც შეეხება ქართველი ლიდერების ქმედებებს, ძალიან დადებითად მხოლოდ 16% აფასებს, 39% მეტწილად დადებითად, 15% მეტწილად უარყოფითად, 13% ძალიან უარყოფითად.

წყარო: CRRC

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button