skip to content
ახალი ამბები

მთავრობა პრეზიდენტს საკონსტიტუციოში აღარ უჩივის

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა დანიშვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოში აღარ უჩივის. შესაბამისი ინფორმაცია საკონსტიტუციომ 6 თებერვალს გამოაქვეყნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, მთავრობის მხრიდან სარჩელზე უარის შესახებ განცხადება საკონსტიტუციოში 2023 წლის 11 იანვარს დარეგისტრირდა და სასამართლომ საქმე შეწყვიტა.

წინაისტორია

მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის დაწყების თაობაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში განაცხადა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია რამდეჯერმე დაარღვია, მათ შორის, პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტებით და ელჩების დანიშვნაზე უარით. მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ელჩების დანიშვნაზე უარის ნაწილში მიმართავდა.

საბოლოოდ, ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობამ 2022 წლის 16 აგვისტოს მიმართა.

მაშინ მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავდნენ, რომ „საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას“.

საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მან ელჩების დანიშვნის შესახებ საქართველოს მთავრობის ყველა მიმართვა დააკმაყოფილა. პრეზიდენტი ასევე ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციებს გამიჯნავდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button