ახალი ამბები

პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ელჩების დანიშვნაზე

საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაავრცელეს იმის თაობაზე, თქვა თუ არა პრეზიდენტმა ბოლო თვეების განმავლობაში უარი რომელიმე ელჩის დანიშვნაზე.

29 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გასულ წელს პრეზიდენტმა მთავრობის მიერ მისთვის წარდგენილი ყველა ელჩი დანიშნა.

„სამწუხაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს. გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს „საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციას Facebook-ით უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა და თქვა – „საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება“.

15 მარტს, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს მიმართავს. მმართველი პარტიის თქმით, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია რამდენჯერმე დაარღვია, მათ შორის, გასულ წელს მან ელჩისა თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი მთავრობას არაერთხელ უთხრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button