ევროკავშირის კანონთა კრებულთან შესაბამისობის ანგარიშს პოლიტიკოსები ეხმიანებიან
ევროკომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესაბამისობის შესახებ ანალიტიკური ანგარიშები გამოაქვეყნა. ანალიტიკური ანგარიშები ავსებს ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ მოსაზრებებს, რომელიც მხოლოდ თანამშრომლობის რამდენიმე ძირითადად სფეროს ეხებოდა. მოცემული ანგარიშები კი გაწევრიანებისთვის თითოეული ქვეყნების მზაობას აფასებს.
- 03/02/2023 – ევროკომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან შესაბამისობის შესახებ ანალიტიკური ანგარიშები გამოაქვეყნა
საქართველოს შესახებ ანგარიშს მმართველი ძალისა და ოპოზიციის შეფასება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მხარეთა მოსაზრებებს გთავაზობთ:
პრეზიდენტის, პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გამოხმაურება
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს. მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერმინისტრი: „[ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული] დოკუმენტი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“.
ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი: „ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც… ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნისათვის და ასევე არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა…, იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის მიწურულს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, ევროპული მხარე გაითვალისწინებს, როგორც 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ არსებულ შედეგებს, ასევე აღნიშნულ ანგარიშში არსებულ პროგრესს, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე“.
დეპუტატების გამოხმაურება
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „… პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით: ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია…. ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“.
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: „ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებით, საქართველო [ასოცირებული] ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის, ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში. ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო შარშან ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო“.
ხატია დეკანოიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „თავისთავად, ევროკომისიის დადებითი ანგარიში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. მაგრამ საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოს და როგორც ხელისუფლების გამოწვევა და ვალდებულებად რჩება 12 პუნქტის შესრულება. განსაკუთრებით ეს ეხება დემოკრატიის მიმართულებით, მედიათავისუფლების საკითხებს და ასევე პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხებს“.
პარტია „საქართველოსთვის“: „ევროკომისიის ანგარიშს ვაფასებთ პოზიტიურად. თუმცა, ძალიან დიდი სამუშაოა წინ შესასრულებელი…ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში. სწორედ ამის დადასტურებაა ეს შეფასებაც… ახლა მთავარია, რომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთის მიმართ ატარებს და ის აგრესიული რიტორიკა, რაც რუსული პროპაგანდის მესიჯებით გვესმის დასავლეთის მიმართ, შეიცვალოს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაც… ევროკავშირის ეს შეფასება დადასტურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას რეალური პარტნიორები და მეგობრები დასავლეთში ჰყავს…არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია“.
გრიგოლ გეგელია – „ლელო საქართველოსთვის“: „დღევანდელი სიახლე თუ რამეს ადასტურებს, ეს არის სწორედ ის, რომ დიახ, საქართველოს აქვს განუზომლად უფრო მაღალი შანსი იყოს წარმატებული კანდიდატი ევროკავშირის წევრობის, ვიდრე სხვა ქვეყანას, მაგრამ განუზომლად ეს მაღალი შანსი ჩვენ გავაფუჭეთ, კობახიძის, მდინარაძის [და] სხვა ანტიქართული, ანტიევროპული ქმედებების გამო“.
თეონა აქუბარდია – „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტივი, რომელიც ანგარიშში არის გამოხატული, თან სდევდეს 12 რეკომენდაციის შესრულებას… ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ახლა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის და ეს არის წინაპირობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აუცილებელია, პროგრესი გავაგრძელოთ, როგორც ასოცირების შესრულების კუთხით, ასევე 12 რეკომენდაციის. ისევე, როგორც შესაბამისი სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/06/2022 – კომისიის რეკომენდაცია საქართველოზე: ჯერ პირობების დაკმაყოფილება, შემდეგ კანდიდატის სტატუსი
- 17/06/2022 – ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)