ევროპამთავარი თემა

ერთობლივი დეკლარაცია ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ

10 იანვარი, 2023

  1. ნატოსა და ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს საერთო ღირებულებებს, საერთო გამოწვევებზე ერთობლივად რეაგირებისათვის მზადყოფნას და ევრო-ატლანტიკურ რეგიონში მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის განვითარებისადმი ერთგულებას ემყარება.
  2. დღეს, ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მხრივ ამ უკანასკნელ ათწლეულებში უმძიმესი საფრთხის წინაშე ვდგავართ. რუსეთის ბრუტალური ომი უკრაინაში არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უფრთხის როგორც ევროპის, ისე გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. რუსეთის ომმა გააღრმავა საკვებისა და ენერგიის კრიზისი, რაც მთელს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს შეეხება.
  3. ჩვენ რუსეთის აგრესიას ერთხმად და უმკაცრესად ვგმობთ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი და დატოვოს უკრაინა. ჩვენ უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ და ვიმეორებთ, რომ კვლავაც მხარს დავუჭერთ მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის კუთვნილ უფლებას, დაიცვას თავი და აირჩიოს საკუთარი მომავალი.
  4. ავტორიტარული ქვეყნები ჩვენს ინტერესებს, ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს აზიანებენ სხვადასხვა – პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სამხედრო საშუალებების გამოყენებით.
  5. ჩვენ მზარდი სტრატეგიული შეჯიბრის ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობა და მის მიერ წარმოებული პოლიტიკა გამოწვევაა ჩვენთვის და ერთიან პასუხს მოითხოვს.
  6. ევროპის სამეზობლოში კვლავაც მიმდინარე კონფლიქტები, ქვეყნების სიმყიფე და არასტაბილურობა ჩვენს სტაბილობას ძირს უთხრის და ნოყიერ ნიადაგს უქმნის სტრატეგიულ მეტოქეებს, ისევე, როგორც ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებსაც სურთ გაზარდონ თავისი გავლენა, წონასწორობა შეარყიონ ჩვენს საზოგადოებებში და ამდენად საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი უსაფრთხოებისათვის.
  7. როგორც ნატოს “სტრატეგიული კონცეფციაში”, ისე ევროკავშირის “სტრატეგიულ კომპასში” ხაზგასმულია, რომ დღეს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხრივ საკვანძო მომენტში ვიმყოფებით, რაც ადრინდელზე უფრო გვიდასტურებს ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობას და ევროკავშირსა და ნატოს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოგვიწოდებს.
  8. ნატო მოკავშირე ქვეყნებისათვის კოლექტიური თავდაცვის ქვაკუთხედად რჩება და ამდენად საკვანძო მნიშვნელობისაა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. ჩვენ ვაღიარებთ ევროპული თავდაცვის გაძლიერებისა და მისი შესაძლებლობების ზრდის ღირებულებასაც. ეს დადებით გავლენას მოახდენს გლობალურ და ტრანს-ატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ნატოს შესაძლებლობებს შეავსებს და მასთან თავსებადი იქნება.
  9. ურთიერთგამაძლიერებელი სტრატეგიული პარრტნიორობა ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას ემსახურება. ნატო და ევროკავშირი ურთიერთშემავსებელ, ურთიერთდამხმარე და ურთიერთგამაძლიერებელ როლებს ასრულებენ საერთაშორსო მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში. ჩვენ კიდე უფრო დავხვეწთ ჩვენს განკარგულებაში არსებულ ინსტრუიმენტებს, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სამხედრო საშუალებები, რათა საერთო ამოცანები უკეთ გადავჭრათ, ჩვენი მილიარდი მოქალაქის საკეთილდღეოდ.
  10. ვარშავის 2016 წლის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის 2018 წლის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააღრმავეს და გააფართოეს ჯერ კიდევ ოცი წლის წინ დაფუძნებული ჩვენი პარტნიორობა, ჩვენ უპრეცედენტო წინსვლას მივაღწიეთ თანამშრომლობის ყველა სფეროში.
  11. ჩვენ კონკრეტული შედეგები მივიღეთ ჰიბრიდული და კიბერ-უსაფრთხოების მხრივ, ტაქტიკური თანამშრომლობა დავამყარეთ საზღვაო საკითხებში, სამხედრო მობილობის, თავდაცვითი პოტენციალის ზრდის, თავდაცვის მრეწველობისა და კვლევის, ერთობლივი წვრთნების, კონტრ-ტერორიზმის და პარტნიორების უნარ-ჩვევების გაუმჯობესების სფეროებში.
  12. მაშინ, როცა ჩვენს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების არსი და სიდიდე იცვლება, წარსული თანამშრომლობის საძირკველზე დაყრდნობით ჩვენი პარტნიორობის ახალ დონეზე აყვანა მოგვეთხოვება. ჩვენ კიდევე უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას ზემოაღნიშნულ სფეროებში, რათა პასუხი გავცეთ გეოსტრატეგიული შეჯიბრების გამწვავებას, დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, გავამყაროთ ჩვენი მედეგობა, გავითვალისწინოთ ახალი, მსოფლიოს შეცვლის შემძლე ტექნოლოგიები, ვითანამშრომლოთ კოსმოსში, პასუხი გავცეთ კლიმატის ცვლიებას ისევე, როგორც უცხო სახელმწიფოების მიერ ინფორმაციით მანიპულირებას.
  13. ამ დეკლარაციის ხელმოწერით, ჩვენ ვავითარებთ ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ნატოს მოკავშირეებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კონსულტაციითა და თანამშრომლობით. ვართ გამსჭვალულნი ურთიერთგახსნილობის სულისკვეთებით, რომელიც აღიარებს გადაწყვეტილებების მიღებაში ჩვენი ორგანიზაციების სრულ ავტონომიას ისევე, როგორც ჩვენი ორგანიზაციების წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობას შიდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების საქმეში. ამ კონტექსტში, გამჭვირვალობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველმხრივ წავახალისებთ მოცემულ ჩარჩოს ფარგლებში წამოწყებულ ახალ ინიციატივებში ნატოს იმ მოკავშირეების მონაწილეობას, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. მსგავსადვე, ჩვენ წავახალისებთ ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნების მონაწილეობას, რომლებიც არ შედიან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
  14. დასახული მიმართულებებით წინსვლას რეგულარულად შევაფასებთ.

მსგავსი/Related

Back to top button