ახალი ამბები

პრემიერი ევროკავშირის წევრობაზე, უკრაინაში ომსა და შავი ზღვის ელექტროკაბელზე საუბრობს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 26 დეკებმერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას, ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს „გამოწვევებით აღსავსე რეალობაში“ ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის „გულწრფელი მადლობა“ გადაუხადა და მათ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას დაჰპირდა. ამის შემდეგ, ქვეყნის პრემიერმა საქართველოს ევროკავშირზე გაწევრიანების პროცესზე, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე გაამახვილა ყურადღება.

ევროკავშირს წევრობა

„წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენით, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ, მოლოდინი, რომ, „სამწუხაროდ“, მოლოდინი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებდა, არ გამართლდა და „არ იქნა მიღებული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

„არ მინდა, ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ გაცილებით, ორჯერ, სამჯერ მეტად წინ ვართ და ვიყავით იგივე რეფორმების თვალსაზრისით, შესრულების კუთხით უკრაინასთან მიმართებით, მოლდოვასთან მიმართებით“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე ომის გამო მიანიჭეს, მოლდოვა კი – „ომთან გათანაბრებულ მდგომარეობად შეაფასეს“.

„ასე, რომ ჩვენ კარგად გვესმის ეს მოტივაცია, თუმცა ჩვენ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, მოლდოვასა და უკრაინას. გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა მან.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ კანდიდტის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის გაცემულ 12 რეკომენდაციაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რეკომენდაციების მიღებისთანავე „მმართველმა პარტიამ, ძალიან მკაფიო, ნათელი საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს“.

მანვე აღნიშა, რომ, „სამწუხაროდ“, რეკომენდაციების შესრულებისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, „არ იყვნენ სრულყოფილად ჩართულნი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები“. თუმცა, დასძინა, რომ „ბოლოს გარკვეულმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა“.

„მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან, ეს იყო მართლაც შრომატევადი საქმე. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც განგვესაზღვრა. დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამტა, რომ „გარკვეული კანონპროექტები ჩვენ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ახლა ველოდებით მათ დასკვნებს და ამის შესაბამისად მოვახდენთ ადაპტირებას“.

შავი ზღვის ელექტროკაბელი

ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის მიერ შავი ზღვის ელექტროკაბელის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაზეც გაამახვილა ყურადღება და მას, ისტორიული მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტი უწოდა.

აღნიშნა რა, რომ ეს იყო „ქართული ინიციატივა“, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბრიუსელში შარშან თავად წარადგინა, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება პროექტი, რომელსაც „ჩვენ ყველა ერთად განვახორციელებთ, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვყანასა და ჩვენს ხალხზე“.

ომი უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბინი ომი ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოსთვის მიმდინარე წლის მთავარ პრობლემად და გამოწვევად დაასახელა და თქვა, რომ „ეს არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი“.

„ჩვენთვის ყველასთვის დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები,. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან, ეს ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და ბუნებრივია, ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე“, – განაცხდა პრემიერმა და ომის „დროულად“ დასრულების აცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ეს არის ჩვენი სურვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინელ ხალხს მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მათი სუვერენიტეტის მიმართ“, – აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა, თუმცა ხაზი გაუსვა რომ, უპირველეს ყოვლისა, „ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენი ყველას მთავარი ვალდებულება არის ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა“.

ამ კონტექსტში, მან საქართველოს საელჩოების როლს გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „სწორად [უნდა] მივიტანოთ დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და სწორად, ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას რომელიც მოედინება არამხოლოდ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნიდან არამედ სხვა ქვეყნებიდანაც“. „ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ამიტომ ამ შეტევას, ამ დეზინფორმაციას სჭირდება ეფექტური, კონტრსაპასუხო მოქმედებები“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.

მანვე ომის მიმდინარეობისას საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში უკრაინაში საქართველოს საელჩოს ეფექტიანი მუშაობა აღნიშნა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას“.

„მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს პირველ რიგში. ომის დაწყების დღიდან ჩვენ პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ ხმამაღლა უკრაინას, მივუერთდით 400-ზე მეტ როზოლუციას, განცხადებას, ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ „არ იყო სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან“. თუმცა, დასძინა, რომ რომ „ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა და მათი ხალხი არის ომში, ამიტომ ჩენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უკრაინაში მიმდინარე ომიდან მიღებული „ნეგატიური ეფექტებისა და გავლენების შემცირება, რისკების დაზღვევა და საფრთხეების შემცირება“ იყო და მთავრობის „გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button