Placeholder canvas
ახალი ამბები

„TI საქართველომ“ საპარლამენტო კონტროლის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 22 დეკემბერს საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის 12 დეკემბერიდან 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ორგანიზაციის თქმით, საანგარიშო პერიოდში, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესი საგრძნობლად შეაფერხა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა, რის შედეგადაც, „პარლამენტი, ფაქტობრივად, ოპოზიციის გარეშე აგრძელებდა მუშაობას“.

„[აღნიშნული] მძიმედ აისახა მის საზედამხედველო ფუნქციებზე, შემცირდა კონტროლის მექანიზმების გამოყენება, ხოლო რისი გამოყენებაც მოხდა, ხშირად უკიდურესად ფორმალურ ხასიათს ატარებდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, წინა წლების მსგავსად, კვლავაც პრობლემური იყო ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა დამოკიდებულება საპარლამენტო კონტროლისადმი, “განსაკუთრებით მაშინ, თუკი კონტროლის ინიციატორი ოპოზიცია იყო”.

პრობლემად დარჩა პარლამენტის მიერ ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების განხილვა და პარლამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი. კვლავ არაეფექტიანია საპარლამენტო კონტროლი ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოების სექტორი, „რასაც არაერთ პრობლემასთან ერთად, არასათანადო საკანონმდებლო გარანტიებიც განაპირობებს“.

სტატისტიკური მონაცემები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, პარლამენტში 22 თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე 4 მოთხოვნა დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 1, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი კომისია შეიქმნა, რომელის ინიციატორიც „ქართული იოცნება“ იყო.

ამასთან, პარლამენტის წევრებმა ანგარიშვალდებულ ორგანოებს 2 922 შეკითხვა გაუგზავნეს, რომელთაგან 371 უპასუხოდ დარჩა. პასუხგაუცემელი კითხვებიდან 91 კითხვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის დასმული იყო, ხოლო 280 – ოპოზიციის წარმომადგენლის.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი – 445 სადეპუტატო კითხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ გაგზავნა, 313 კითხვა „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა (ოპოზიცია), 284 კი – „გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა. ყველაზე მეტჯერ დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრს მიმართეს.

საყურადღებოა, რომ პარლამენტში 6 ინტერპელაციის ნაცვლად მხოლოდ 1ინტერპელაცია და 19 მინისტრის საათი გაიმართა.

რაც შეეხება საკომიტეტო სხდომებს, აქ ანგარიშვალდებული პირები 19-ჯერ დაიბარეს, მათგან 12-ზე, რომლის ინიციატორებიც ოპოზიციონერები იყვნენ, შესაბამისი პირები არ გამოცხადდნენ. „ყველაზე მეტჯერ არ გამოცხადდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი“.

ძირითადი გამოწვევები

ორგანიზაციის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, პარლამენტმა კონტროლის შემდეგი მექანიზმები არ გამოიყენა: არ მოუთხოვია პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე ანგარიშის მოსმენა; არ დაუბარებია პლენარულ სხდომაზე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა ⅓-ის მოწვევით; უმრავლესობის ფრაქციას არ დაუბარებია კომიტეტზე მთავრობის წევრი ან სხვა ანგარიშვალდებული პირი.

ამასთან, ამავე პერიოდში პარლამენტში შესული 25 ანგარიშიდან 9 განუხილველი იყო. სისტემატიური ხასიათი აქვს ანგარიშების განხილვის მრავალგზის გადავადებასაც. მაგალითად, 2020 წლის საქმიანობის ანგარიშები ხშირად ერთი და მეტი წლის დაგვიანებით განიხილება.

„მნიშვნელოვანი პრობლემაა პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის კუთხით ქმედითი მექანიზმის არარსებობა. პარლამენტი არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, რათა მოხდეს ნდობის ჯგუფის, თემატური მოკვლევის ჯგუფებისა და კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი“, – ნათქვამია ანგარიშში.

რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციით:

  • საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები უფრო ინტერსიურად უნდა გამოიყენებოდეს და საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრები დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უნდა ავლენდნენ;
  • როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები უნდა იყენებდებდნენ საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმს, მათ შორის, ქმნიდნენ საგამოძიებო კომისიებს და დადგენილ ვადაში ისმენდნენ ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს;
  • საპარლამენტო კონტროლის პროცესში, ოპოზიციის სრულფასოვანი ჩართულობისა და მისი როლის გაძლიერებისთვის, უნდა შეიქმნას მყარი საკანონმდებლო გარანტიები;

ანგარიშისა და რეკომენდაციების სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button