Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა, 17 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე 78 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული დადგენილების მიხედვით, საგამოძიებო კომისია, რომელიც სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, „პასუხს გასცემს“, არსებობდა თუ არა ისეთი დარღვევები, რომელთაც „ამომრჩეველთა ნების გამოხატვასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა“ ჰქონდათ. კომისიის საქმიანობაში ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები ჩაერთვებიან.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის, შესაბამისი კვოტების განსაზღვრისა და დასამტკიცებლად ბიუროსთვის წარსადგენად სამდღიანი ვადა აქვს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის წევრთა მინიმუმ ნახევარი ოპოზიციონერი კანონმდებლებით უნდა დაკომპლექტდეს.

არსებული მოცემულობის განთვალისწინებით, ოპოზიციიდან კომისიის მუშაობაში, დიდი ალბათობით, მხოლოდ მოქალაქეებისა და ევროპელი სოციალისტების დეპუტატები ჩაერთვებიან.

დანარჩენი ოპოზიციური პარტიების უმეტესობა, რომელთაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ისინი ხელახალ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას, საარჩევნო სისტემის რეფორმასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button