ანალიზი

პუტინის მობილიზაციას გამოქცეულები – რა ხდება ლარსის გამშვებ პუნქტთან?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ 21 სექტემბერს ქვეყანაში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ლარსის გამშვები პუნქტით საქართველოში შემოსვლის მსურველთა მრავალკილომეტრიანი რიგების შესახებ ცნობებს ადგილობრივ დონეზე მღელვარება მოჰყვა. საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან რუსეთიდან შემომავალთა რაოდენობისა და მათ მიმართ გასატარებელი პოლიტიკის შესახებ პასუხებს ითხოვენ. საზოგადოების ნაწილისთვის რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის დაწესების, მათთვის ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვისა და უძრავ ქონებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ საკითხები კვლავაც აქტუალური გახდა.

საზოგადოების წუხილს, მთავრობის წევრებიდან 26 სექტემბერს პირველმა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უპასუხა და თქვა, რომ საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით „დრამატული“ ვითარება არ გვაქვს და „ამ მიმართულებით სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს“. მანამდე, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ „მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“.

საზღვრის კვეთის შესახებ ცნობები

რუსეთ-საქართველოს შორის საზღვრის კვეთის შესახებ პირველი მონაცემები მედიაში გუშინ დღის მეორე ნახევარში, ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის, ირბეკ ტომაევის მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში საზღვარი ორივე მხარეს 37 000-ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა.

სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით გავრცელებულ „ცრუ ინფორმაციას“ გუშინ Twitter-ზე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან ქარუმიძე და 15 თებერვლიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების სტატისტიკა გამოაქვეყნა. მისი თქმით, იგი შსს-ს ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.

დეპუტატის ცნობით, დასახელებულ პერიოდში, ლარსის გამშვები პუნქტით რუსეთის 566 261 მოქალაქე შემოვიდა, 504 038 კი – გავიდა; თბილისის აეროპორტით 100 060 შემოვიდა, 94 224 გავიდა; სარფის საბაჟო პუნქტის გავლით 78 754 შემოვიდა, 94 342 კი – გავიდა. მისივე თქმით, მოცემული მომენტისთვის ქვეყანაში რუსეთის დაახლოებით 52 000 მოქალაქე იმყოფება.

შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხი

ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლის შესახებ საზოგადოებაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაჩენილ კითხვებს, დღეს პირველად უპასუხა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. მისი განმარტებით, „ტყუილია“ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამ პერიოდში ქვეყანაში რუსეთის 250 000 მოქალაქე შემოვიდა.

მისი განმარტებით, დაახლოებით 4-5 დღის წინ, დღეში 5 000-6 000-მდე შემომსვლელი იყო, რაც დაახლოებით 10 000-მდე გაიზარდა, ანუ მათმა რიცხვმა 40-45%-ით მოიმატა.

„მაგალითად, გუშინწინ იყო 11 200 ადამიანი, გუშინ ღამე 10 ათასზე ნაკლები, 100 ათასი და 200 ათასი ადამიანი არ შემოდის. გასვლით გადის დაახლოებით 60%, შემომსვლელის ფარდობითი რომ ავიღოთ. ზაფხულში იყვნენ ტურისტები და არა სხვა მიზნით წამოსული ადამიანები… ჩვენი აზრით, თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას“, – განაცხადა მან.

ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციის მხრიდან რუსეთის მოქალაქეების მიმართ მთავრობის პოლიტიკის კრიტიკასაც უპასუხა და თქვა, რომ ოპოზიცია ორად არს გაყოფილი „ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათო, ზოგი ამბობს პირიქით, შემოვუშვათ, რომ ეს ხალხი არ წავიდეს ომში, არ ებრძოლონ უკრაინელებს“. „იქნებ ჩამოყალიბდნენ ოპოზიციაში, რომელი უნდათ, შემოვუშვათ თუ არ შემოვუშვათ ეს ადამიანები?“, – დასძინა მან.

კითხვაზე, რამდენად მორალურია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა და განიხილება თუ არა საზღვრის ჩაკეტვის საკითხი, გომელაურმა უპასუხა, რომ რუსები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ამაზე არც წინა ხელისუფლებას ჰქონდა პრობლემა.

„რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიოდნენ საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? უარესი მასშტაბით იყო. ბატონი [მიხეილ] სააკაშვილი ხვდებოდა და ღვინოებს ურიგებდა, თითო ბოთლს მანქანაში რუსებს, შემობრძანდით ხალხო, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია[ო]. მაშინ არ გახსენდებოდათ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს და დასძინა – „რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?“.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოდინების პარალელურად, კრიმინალის მატების რისკებს, შს მინისტრმა თქვა, რომ კრიმინალი, შესაძლოა, ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს. „რაც მეტი ადამიანი შემოვა, რა თქმა უნდა, შეიძლება. რა თქმა უნდა, იმის ალბათობა არის, რომ გაიზარდოს, შეიძლება არც გაიზარდოს“.

რას ყვებიან საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები?

განსხვავებულ რეალობაზე ყვებიან რუსეთის მოქალაქეები. მათი თქმით, პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანას მოქალაქეები აქტიურად ტოვებენ და თავშესაფრისთვის საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. მათი მონაყოლით, საქართველოსკენ მომავალ რუსეთის მოქალაქეებს რამდენიმეკილომეტრიან რიგში უწვევთ დგომა და საკუთარ რიგს დღეების განმავლობაშიც კი ელოდებიან.

ამასთან, მედიაში გავრცელებულ დრონით გადაღებულ კადრებში ლარსის გამშვებ პუნქტთან ავტომობილებისა და ადამიანების დიდი უწყვეტი რიგი ჩანს. ამასთან, საცობში მდგომი ავტომანქანები 4-5 ზოლად არიან განლაგებულნი.

„ადამიანებს უკან დაბრუნება არ უნდათ, რამდენიმე დღეა, საზღვარზე იმყოფებიან. მანქანით მოვდიოდი, თუმცა მივხვდი, რომ მოძრაობა შეუძლებელი იყო, ამიტომ მანქანა გავყიდე და გზა ფეხით გავაგრძელე. საზღვრის გადმოსაკვეთად ბევრი ფული დავხარჯე“, – თქვა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში ლარსის საბაჟო პუნქტით გადმოსულმა რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„10 კმ-ში სრული უძრაობაა, საზღვარზე ატარებენ, თუმცა ძალიან ნელა. მესაზღვრეების მეორე ცვლამ საზღვრამდე მოსვლაც ვერ მოახერხა, რადგან გზა პრაქტიკულად ჩაკეტილია“, – აღნიშნა კიდევ ერთმა მათგანმა.

„ძალიან დიდი რიგებია, ქართველი მესაზღვრეები არაფერს მეკითხებიან საერთოდ, პასპორტი გამომართვეს უბრალოდ და ბეჭედი დაარტყეს“, – აღნიშნა საქართველოში ლარსით შემოსულმა კიდევ ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა.

„ხალხი ორი-სამი კვირა ელოდება გადმოსლას…, დგანან და წინ ვერ მიდიან, გაჩერებულია ყველაფერი“, – განაცხადა კიდევ ერთმა მათგანმა.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ქართველ მესაზღვრეებს განსხვავებული მიდგომა აქვთ ჩრდილო კავკასიელების მიმართ და ისინი მხოლოდ ეთნიკურად რუსებს აძლევენ საზღვრის კვეთის უფლებას, ჩეჩნებს, ინგუშებს და დაღესტნელებს კი – არა. „განსაკუთრებით მძიმეა ჩრდილო-კავკასიელების მდგომარეობა, [მათ საზღვარზე] საერთოდ არ ატარებენ“, – ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი „ტელეკომპანია პირველთან“.

26 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, რუსულ მხარეს რუსული ჯავშანტექნიკა და სამხედროები გამოჩნდნენ. მოგვიანებით, რუსულმა მხარემ დააზუსტა, რომ „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა.

პეტიცია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის აკრძალავზე

პარტია სტრატეგია აღმაშენებელმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მოთხოვნით პეტიციაც შექმნა, რომელსაც მოცემული მომენტისთვის 2 000-მდე ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის თანახმად, „აკრძალვა არ უნდა შეეხოს ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებს. ამასთან რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში საზღვრის გადმოკვეთა დასაშვები იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დააზიანებს. მისი თქმით, „ეს არის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი“, რის გამოც ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს საზღვარს არ კეტავს. „ამის მიღმაც არის უამრავი საკითხი, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button