skip to content
ახალი ამბები

პრემიერი სააკაშვილზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და იქ დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე საუბრობს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 7 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და იქ დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის ექიმი არ არის და არ იცის „ამ ადამიანს რა სჭირს“, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი „რევოლუციისა“ და „სისხლისღვრის“ მოწყობა იყო.

„ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ როგორ დასრულდა – სრული ფიასკოთი. ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, ჩვენს ქვეყანაში ამ ომის პარტიას, ამ ამრევებს და ამ ლუზერებს, არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჩაჯდომის დღიდან ჰქონდა ილუზიები, რომ გარეთ ჯერ ერთ კვირაში, შემდეგ ორ-სამ თვეში უნდა გამოსულიყო და „თავის თავს აჯერებდა, რომ ისე კარგად თამაშობდა და ატყუებდა ყველას, რომ ყველა დაიჯერებდა, რომ ის ან შიმშილობს, ან ცუდად არის, გაუშვებდნენ ციხის გარეთ“.

„ეს რა თქმა უნდა, არ და ვერ მოხდება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, ვინც არ უნდა იყოს, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი“, – უთხრა პრემიერმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტის კითხვაზე – იცნობს თუ არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმთა კონსილიუმების დასკვნებს? – ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ არა და არ აინტერესებს. „მე ძალიან ბევრი [ინფორმაცია] მოვისმინე, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო, რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო?“, – ჰკითხა მან ჟურნალისტებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელი ექიმების ჩამოყვანის შესახებ სააკაშვილის მიმართ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შეთავაზებაც გაიხსენა და დასძინა, რომ „მათ [სააკაშვილის მომხრეებს] არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ ერთადერთი მიზნით, მათი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება, ეს არის, სხვა არაფერი“.

ჟურნალისტის კითხვაზე – იღებს თუ არა იგი, როგორც პრემიერმინისტრი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას? – პრემიერმა უპასუხა „ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ნამდვილად ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი“.

„მე მინდა სააკაშვილს ვუსურვო, როგორც გულწრფელად ადამიანმა ადამიანს, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს. სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იქნას დაცული“, – ხაზი გაუსვა მან.

ჟურნალისტის მინიშნებაზე, რომ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე უარის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა რადიკალური პროცესებით იმუქრება, პრემიერმინისტრმა თქვა, რომ არ არის საინტერესო, თუ რა იტყვის „დეგრადირებული“, „მოღალატე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია“.

„საქართველოში ვერავინ ვერაფერს ვერ აურევს და ვერ მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი“, – განაცხადა მან და დასძინა – „ჩვენ გვინდა მშვიდობა, ისეთი, როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა“.

ომი უკრაინაში

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ უკრაინაში „საშინელი“ ომის დაწყებიდან მთავრობასთან ერთად მთელი საზოგადოება გაერთიანდა და „ჩვენ 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ“.

მანვე საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების მიმართ გამოხატული დახმარებაც გაიხსენა და თქვა, რომ ეს დახმარება ახლაც გრძელდება. „უკრაინელი ბაშვები აქ იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „რაც შეეხება დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებებს გამოვნახავთ და ამ დახმარებებს გავაგრძელებთ“.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე საუბრისას, პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. მმართველი გუნდი პასუხისმგებელია ქართველი ხალხის წინაშე“.

საქართველოს ომში ჩართვისა და აქ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები გაიხსენა და თქვა, რომ „მათი სურვილი იყო, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც, ეს ფრონტი და ომი გადავიდეს საქართველოშიცო“.

„კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში მმართველი პარტია არის „ქართული ოცნება“ და ჩვენ ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის, საქართველოს ინტერესები“, – აღნიშნა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

მანვე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ „ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“. „მე, როგორც ჩვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვარ ვალდებული, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ“.

ჟურნალისტის კითხვაზე – თუ ვის მხარეს არის რუსეთ-უკრაინის ომში? – პრემიერმა უპასუხა – „იცით რა არის? მე ვარ საქართველოს მხარეზე. მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის ვალდებულება“.

„…მე ვარ სამართლიანობის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილი არის, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე“, – დასძინა მან.

უკრაინაში დაღუპული მებრძოლები

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და თქვა, რომ „ეს არის ტრაგედია, ეს არის დიდი დანაკლისი და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით“. მისივე თქმით, „სახელმწიფო, რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ სამხედრო პატივით ყველა ეს ადამიანი მიებარა მიწას“.

პრემიერს უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების შესახებ ორი დღის წინ მისივე ნათქვამის განმარტებაც მოუხდა და თქვა, რომ მისი ნათქვამი „გაგებული იქნა არასწორად“. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულში მედიის წარმომადგენლები დაადანაშაულა და მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტირება სწორედ მათ მოხდინეს.

პრემიერმინისტრის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მან უკრაინაში ყველა ქართველ მებრძოლს ნაციონალური მოძრაობის წევრები უწოდა, არის „დიდი სიცრუე“. „ამას ავრცელებდით თქვენ ყველანი“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

პრემიერის განცხადებით, უკრაინაში მებრძოლების ნაწილი ომში ნამდვილად „თავისი მრწამსით“, „იდეალისტური დამოკიდებულებებითა“ და „სულისკვეთებით“ წავიდა და მას მათზე არ უთქვამს, რომ ისინი საბრძოლველად „ომის პარტიამ“ წაიყვანა.

თუმცა მანვე აღნიშნა, რომ არის ის კატეგორიაც, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან. ამის მაგალითად მან უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი დაასახელა და თქვა, რომ მისი და, ნონა მამულაშვილი ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტის წევრი იყო.

„ჯერ ერთი, მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, თუ ადამიანი ომობ, ღმერთმა მოგცეს საშუალება რომ იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და… პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, რა არის საერთოდ, რა სტილია“, – განაცხად მან.

რაც შეეხება ასევე უკრაინაში დაღუპული მებრძოლების მიმართ აგრეთვე მისსავე ნათქვამ სიტყვას – „საწყლები“ – პრემიერმა განმარტა, რომ იგი ხშირად იყენებს ამ ტერმინს ადამიანზე, რომელიც „შეგეცოდება ან გარდაიცვლება, ახლობელი იქნება, თუ ნათესავი თუ სხვა“. „ეს ემოციის გამოხატვაა და ემოციის გამოხატვაზე, ადამიანს უთხრა, რატომ გამოიყენე ეგ სიტყვა, [გაუგებარია]“.

მანვე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, „განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა“, ჯანმრთელობა და საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნება უსურვა და დასძინა, რომ „ეს არის ჩვენი მთავარი გულწრფელი სურვილი“.

„მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის, ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს, განსაცდელში მყოფი, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური, უზნეობა და ფარისევლობა“, – მიმართა პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპონენტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button