skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკარგული 11 პირის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი თბილისში გადმოასვენეს.

მინისტრის აპარატის ცნობით, გადმოსვენებულთაგან 8 სამხედრო მოსამსახურე, 3 კი – მშვიდობიანი მოქალაქე იყო. დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდები 7 და 8 დეკემბერს გაიმართება. სამხედროებს 8 დეკემბერს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დღესვე, სამების საკათედრო ტაძარში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში თქვა „ჩვენ 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, მათ ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სამძიმარი ვუთხრა მათ [ოჯახებს]“. მანვე პროცესში შეტანილი „ფასდაუდებელი როლის“ გაწევისთვის წითელ ჯვარს მადლობა გადაუხადა.

„90-იანი წლების შეიარაღებულმა მოქმედებებმა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომმა, დღემდე მიმდინარე არაერთ უმძიმეს გამოწვევასთან ერთად, მრავალი ჩვენი თანამემამულე და გმირი შეიწირა და ამასთან 2 300-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ტრაგიკული ისტორია შექმნა“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, რომელიც ასევე სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო „უაღრესად დიდ მნიშვნელობას“ ანიჭებს ანიჭებთ ჰუმანიტარული პროგრამის მიმდინარეობას გაუჩინარებულთა მოძიების და მათი ოჯახების თანადგომის მიზნით. „ჩვენ გაერთიანებული ძალისხმევით და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, განვაგრძობთ ამ პროგრამის განხორციელებას“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.

შენიშვნა: მასალა 2022 წელის 8 დეკემბერს, 12:50 სთ-ზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button