Placeholder canvas
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს პოლონეთს ეწვია, სადაც იგი უკვე შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და მასთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

  • ომი უკრაინაში

სალომე ზურაბიშვილმა საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომით დაიწყო და თქვა, რომ რუსეთმა აჩვენა და გამოავლინა თავისი თავისი ნამდვილი, ექსპანსიური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე. მისივე თქმით, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ „სასტიკი“ და „უსამართლო“ 10-თვიანი ომის განმავლობაში უკრაინამ გვაჩვენა, თუ „რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა, არამხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოს, როგორც ამ სივრცის ნაწილის, თავისუფლების დაცვა“.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელმა ხალხმა აგრეთვე აჩვენა, თუ რას ნიშნავს ის, როდესაც მთელი საზოგადოება გაერთიანებულია. „მე ამას ვამბობ საქართველოსთვის. უკრაინა არის მაგალითი, რომ – როცა ქვეყანა ერთიანია, როცა პოლარიზაცია და ყველაფერი ის, რაც ერთმანეთს გვაპირისპირებს, გვერდზეა გადადებული, მაშინ ქვეყანა ძლიერია, მაშინ შეიძლება ყველაფერს გაუძლოს და მართლაც, ყველაფერს უძლებს“.

„ამ წუთებშიც, უკრაინის წინააღმდეგ ზაპოროჟიეში და სხვა ადგილებში, ძლიერი იერიშები ხორციელდება, მაგრამ უკრაინა ამასაც გაუძლებს, გაუძლებს თუნდაც ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, რადგან ერთიანია და თავისი ქვეყნისა და სამართლისთვის იბრძვის, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი 1921 წელს, 2008 წელს, 1992 წელს გადაიხადა“.

„[საქართველომ] იცის, რომ ჩვენი მომავალი ერთია და ამიტომ სრულად, მთლიანი ქვეყნის პოზიციაა, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინის მიმართ სოლიდარული, რომ საქართველომ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, არ შეიძლება არ დაუჭიროს მხარი უკრაინას“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

აღნიშნა რა, რომ „საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი“, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ეკონომიკურად და სოციალურად მთელი საზოგადოება [არ უჭერს მხარს უკრაინას]. მე მინდა ყველამ ნახოთ, როგორ გამოიხატება საქართველოს და თბილისის ქუჩებში საქართველოს სოლიდარობა“. მანვე უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 33 დაღუპული ქართველიც გაიხსენა და თქვა, რომ „მათი ხსოვნა უკვდავი იქნება“.

„დღეს ეს ბრძოლა, ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა, როცა მივალთ ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე და უთუოდ, სხვანაირად არ ხდება, ისტორიულად, მოვა დრო, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც საქართველოს პირობებში და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ იყო დაშვებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განალაგოს, ან და ექსპანსიას და რაღაც თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს“.

„არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა და ძველი ხედვა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს. არა, [რუსეთის გრძნობებს კი არ უნდა გაუფრთხილდეს] არამედ ყველა იმ პატარა, თუ დიდი ქვეყნის გრძნობებს, რომლებიც ამდენი ხანია რუსეთის ირგვლივ მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტია, რასაც ჰქვია – ,,ჩემი საზღვარი ჩემია“, ,,შენი საზღვარი შენი უნდა იყოს“ და ,,შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს““, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

  • ევროკავშირში ინტეგრაცია

ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „რომ არა უკრაინის ბრძოლა, არ იქნებოდა ასე დაჩქარებული ჩვენი, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ამისათვის მართლაც გვეკუთვნის მადლობის თქმა“.

„საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ძველი ხედვის ნაშთი, რასაც გეოგრაფიული მიდგომა ერქვა და ის დისკუსია – იყო თუ არა საქართველო ევროპა – დამთავრებულია! ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა!“, – განცხადა მან.

მისივე თქმით, შემდეგ ეტაპი უკვე კანდიდატის სტატუსია, რომელიც „სამწუხაროდ, პირველ ეტაპზე, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ვერ მივიღეთ. ამის სხვადასხვაგვარი მიზეზი არსებობდა, მაგრამ ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ“. „ეს ჩვენი მოსახლეობის 80% -ის სურვილია. ამ ბოლო, 30 წლის განმავლობაში, მოსახლეობის ეს რაოდენობა არ შეცვლილა და ჩვენ ამ გზას განვაგრძობთ და ვიცით, რომ პოლონეთი შემდეგ დისკუსიებშიც დაგვიჭერს მხარს“.

მანვე ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის პოლონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. „პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წელს ჩვენს გვერდით იდგა პოლონეთი და სწორად შეაფასა მომავლისთვის იმდროინდელი საფრთხე, როცა არ მივიღეთ ის საერთაშორისო რეაგირება, რაც საჭირო იქნებოდა“.

აღნიშნა რა, რომ პოლონეთი დღესაც საქართველოს გვერდით დგას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ხვალაც, ევროინტეგრაციის, ისევე როგორც ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი მთავარი მეგობარი, ხელშემწყობი და მხარდამჭერი იქნება“.

„მინდა, კიდევ ერთხელ, ყველაფრისთვის ჩვენი მადლიერება გამოვხატო და გამოვთქვა ჩვენი ძალიან დიდი იმედი, რომ მომავალში, როცა ჩვენც ვიქნებით ევროკავშირის, ამ გაერთიანების სრულყოფილი წევრი, ჩვენც ვიქნებით სანდო მეგობარი პოლონეთისთვის.

პრეზიდენტ დუდას მიმართვა 

თავის მხრივ, პრეზიდენტმა დუდამ მიმართვის დასაწყისში აღნიშნა, რომ მოხარულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ასეთ რთულ დროს უმასპინძლოს და ორმხრივი ურთიერთობის, ასევე „უსაფრთხოებასთან, ევროპაში საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“ განიხილოს.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში აბსოლუტურად მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისთვის, რადგანაც ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა – რომლებიც, სამწუხაროდ იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელთაგანაც ზოგიერთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ – ერთად უნდა იდგნენ და პრეზიდენტის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ სრულ პატივისცემას იმსახურებს“.

პრეზიდენტ დუდას თქმით, ასეთი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია და ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ესმის „ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარე ქვეყნის ლიდერს“ რუსეთის აგრესიისგან გამომდინარე საფრთხეები, ასევე ის საფრთხე, რომელსაც ის უკრაინის სახელმწიფოებრიობას უქმნის.

ამ კონტექსტში, პრეზიდენტმა დუდამ იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ საქართველოც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. „ჩვენ ყველას პოლონეთში ძალიან კარგად გვახსოვს ეს – უპირველეს ყოვლისა 2008 წელს“, – აღნიშნა მან.

გაიხსენა რა, რომ მსოფლიომ არ გაითვალისწინა პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სიტყვები 2008 წელს, რომელმაც დასავლელ ლიდერებს „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერისა და დაცვისკენ“ მოუწოდა, პრეზიდენტმა დუდამ აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენ ორივემ ვიცით, რომ საჭიროა მტკიცედ დავდგეთ უკრაინის დასაცავად – სწორედ იმ უკრაინის, ვიზეც პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მაშინ საუბრობდა: რომ თუ არ გავაჩერებთ რუსეთის თავდასხმას საქართველოზე, მომავალში ის უკრაინას დაესხმება თავს“.

„ეს რუსული აგრესია უნდა მოვიგერიოთ“, – განაცხადა მან. „დღეს, უკრაინელებს ყველანაირად უნდა დავეხმაროთ ამაში“.

მისი თქმით, რუსეთის დამარცხება უკრაინაში „გააჩენს იმედს, რომ მომავალში მას სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაც მოუწევს, მათ შორის საქართველოში დღეს ოკუპირებული ტერიტორიების“.

დუდამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მან დაარწმუნა ის, რომ პოლონეთი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. „ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მალე მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და რომ ეს პროცესი გაგრძელდება“.

მიმართვის დასასრულს, პრეზიდენტმა დუდამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ, რაც „საშუალებას მისცემს საქართველოს ევროპის იმ ნაწილში და მსოფლიოში, სადაც საქართველო მდებარეობს, თავისუფლად და მშვიდობიანად განვითარდეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button