ახალი ამბები

საკონსტიტუციომ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის სარჩელი. სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება „ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს“.

ლონდა თოლორაისა და სახალხო დამცველის სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მოსარჩელისთვის პრობლემურია არა, ზოგადად, რეფორმის შედეგად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ სამსახურად გაყოფა, არამედ აღნიშნული რეფორმის 2025 წლის 3 ივლისამდე, მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე განხორციელება“.

კერძოდ, მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანმდევ შედეგებს, ასევე იმ ცვლილებებს, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებითა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნით გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებების ზოგადი ასახვა.

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ 2022 წლის მარტში, სახელმწიფო ინსპექტორისა სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებისა და ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლების შემდეგ, არ ჩამოყალიბებულა ისეთი ახალი ორგანოები, „რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან“.

გარდა ამისა, მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არც საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეცვლილა და სახელმწიფო ინსპექტორი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებული იყო ახალი სამსახურების უფროსების მიმართ, „სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდათ უპირობოდ“.

პარლამენტის არგუმენტაცია

საქართველოს პარლამენტის განმარტებით, რომელიც სარჩელის მოპასუხე მხარე იყო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით ცვლილებების მიზანი იყო ამ უკანასკნელის ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესება, გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავების კონტროლი საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების თვალსაზრისით და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება.

პარლამენტის არგუმენტაციით, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ინსპექტორის თანამდებობა არა კონსტიტუციით განსაზღვრული ინსტიტუცია, არამედ კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური იყო საქართველოს პარლამენტს ჰქონდა დისკრეციული უფლება „შეექმნა მსგავსი შინაარსისა და ფუნქციების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანო ან ორგანოები“.

მოპასუხისვე განმარტებით, განხორციელებული ცვლილებებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიენიჭა სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ახლადშექმნილი საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა კი – გაფართოვდა. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიენიჭა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებისა და ელექტრონული კომუნიკაციის განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

ამდენად, „საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმები აკმაყოფილებს კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის გამოსადეგობის, აუცილებლობისა და ვიწრო პროპორციულობის კრიტერიუმებს.“

საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთება

საკონსტიტუციო სასამართლო სამოტივაციო ნაწილში თავშივე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოში არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკული სირთულეებიდან გამომდინარე, ერთი უწყების გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა საკანონმდებლო ორგანოს დისკრეციას მიეკუთვნება. ამასთან, სასამართლო დამოუკიდებელი საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოების არსებობის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.

სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ იზიარებს მოსაზრებას, რომ სწორედ ინტერესთა კონფლიქტის საფრთხის თავიდან აცილებას ისახავდა სახელმწიფო მიზნად, როდესაც მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ინსტიტუციური გაყოფა მოხდა.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ საჯარო თანამდებობის დაკავების შესახებ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში ყოველგვარი ჩარევა, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და თანამდებობებთან, განსაკუთრებით მკაცრად უნდა შეფასდეს.

კერძოდ, „სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, იმოქმედა თუ არა რეფორმის პროცესში საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად და გაატარა თუ არა ღონისძიებები იმ თანამდებობის პირთა უფლებების დაცვისა თუ ზიანის შემცირების მიმართულებით, რომელთა უფლებამოსილების გარანტირებული ვადაც, ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების გამო, საფრთხის ქვეშ დადგებოდა“.

სასამართლოს განმარტებით, რამდენადაც სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ უკავშირდებოდა მისი მხრიდან რაიმე დარღვევებსა თუ სამსახურებრივ მოთხოვნებთან შეუსაბამობას, მისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება, შესაძლოა, ყოფილიყო საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება“.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი არც გაუქმებული უწყების სანაცვლოდ შექმნილი ორი ახალი ორგანოდან ერთ-ერთის ხელმძღვანელად დაუნიშნავთ ავტომატურად, მისთვის არც რომელიმე თანმდებობის დაკავება შეუთავაზებიათ და არც „სამართლიანი კომპენსაცია“ გადაუხდიათ, „რაც მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით“.

რაც შეეხება, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის ასევე ყოფილ მოადგილეებს, სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მათი თანამდებობრივი სტატუსი არ უტოლდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას, თუმცა ინტენსიური რეფორმის განხორციელების მიზეზით სახელმწიფო მოხელეთა გათავისუფლება ტოლფასი თანამდებობისა და კომპენსაციის გარეშე, ასევე ვერ აკმაყოფილებდა საჯარო თანამდებობის დაკავების შესახებ კონსტიტუციურ უფლებას.

განსხვავებული პოზიცია

საქმეზე 4 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ იმსჯელა, რომელთაგან ერთმა – გიორგი კვერენჩხილაძემ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. კერძოდ, მისი მოსაზრებით, არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო არა სადავო ნორმების ცალკეული ნორმატიული შინაარსი, არამედ მთლიანად სადავო ნორმები, როგორც საკანონმდებლო ვადის ამოწურვამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური კონსტიტუციური უფლებების ნაწილში, აგრეთვე მათთვის მიკუთვნებული ფუნქციების შეუფერხებლად განხორცილებისადმი მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესების მხედველობაში მიღებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button