ახალი ამბები

ოდირი მოუწოდებს საქართველოს შეაჩეროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) მოუწოდა საქართველოს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოების შექმნის თაობაზე სადავო საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეაჩეროს.

ოდირის მოსაზრება, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 21 თებერვალს გაასაჯაროვა, ხაზს უსვამს, რომ „ძალიან პრობლემურია, როდესაც საერთაშორისო სტანდარტების საპირისპიროდ“, საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც 1 მარტიდან სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.

ოდირმა ასევე განაცხადა, რომ დაჩქარებულ პროცესს აკლდა ღიაობა და გამჭვირვალობა და არ იყო უზრუნველყოფილი ყოვლისმომცველი და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესი. შედეგად, ცვლილებები, შესაძლოა, „პოლიტიკურად მოტივირებულად“ ჩაითვალოს, რომელთა მიზანიც ამ „ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ძირის გამოთხრა იყო“.

მოსაზრება ხაზს უსვამს, რომ ცვლილებების მიღების მიზეზი ბუნდოვანია, ხოლო დაჩქარებული მიღების სასარგებლოდ გამოთქმული არგუმენტები არასაკმარისი.

ოდირის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატების განმარტებით ბარათებში არ არის ნახსენები რაიმე კვლევა, ან ინტერესთა კონფლიქტის ან სამსახურის გაუმართავი მუშაობის რაიმე დადასტურებული შემთხვევები, რაც მისი გაუქმების საჭიროებას ახსნიდა.

ამას გარდა, ოდირმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა კანონით გათვალისწინებული პროცედურებიდან გადახვევის ტოლფასია.

სამსახურის საკანონმდებლო რეფორმის გზით სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება სერიოზულ წუხილებს აღძრავს იმის თაობაზე, რომ ეს თვითნებური გათავისუფლების ტოლფასია, რაც ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია მოსაზრებაში.

ოდირმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე დაასრულონ.

მოსაზრების თანახმად, სამსახურის გაუქმება უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, რადგანაც ვერ მოხერხდება სამართალდამცველების მიერ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების აღკვეთა.

ოდირმა ასევე განაცხადა, რომ ის ფორმა, როგორც მოხდა სამსახურის გაუქმება, „სერიოზულ ზიანს აყენებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეპუტაციას“.

სხვა წუხილებს შორის ოდირმა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე სამსახურის მანდატის გაუვრცელებლობა და სამსახურის საგამოძიებო მანდატის გაფართოებაც დაასახელა, რამაც, შესაძლოა, მისი ეფექტიანობა შეამციროს.

მოსაზრების თანახმად, ცვლილებების მოქმედების შეჩერება იმისთვისაა საჭირო, რომ პარლამენტმა მითითებული ხარვეზები გამოასწოროს.


ქართული ოცნების დეპუტატებმა 16 თებერვალს ინსპექტორის სამსახურის სანაცვლოდ შექმნილი ორი ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელები დაამტკიცეს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button