skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხის დაჩქარებულად განხილვის შეწყვეტას ითხოვს 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 დეკემბერს თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა უნდა შეწყდეს.

„მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სანაცვლოდ ორი დამოუკიდებელი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ ინიციატივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალ ხელმძღვანელსა და მის 100-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურის გარეშე ტოვებს.

ზურაბიშვილის თქმით, „ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები, ინსპექტორს კი, მიეცეს საშუალება პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ და შემდეგ, ყოველივე ამის საფუძველზე, მიღებულ იქნას დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში მოხსნის კითხვებს“.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114 -ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად“.

განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტმა სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მოპყრობაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან ინიციატივის შესახებ მედიიდან გაიგო. „სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ჩემთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა“, – დასძინა სალომე  ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება „მძიმე პოლარიზაციის პირობებში“, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებასა და კითხვებს, რაც „რეალურად დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს პრეზიდენტს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადოს და ის საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნოს. თუმცა, ქართული ოცნების 84 დეპუტატს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია, რისთვისაც მხოლოდ 76 ხმაა საჭირო.


ინიციატივას, რომელსაც არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას კრიტიკა მოჰყვა, წინ უძღვოდა ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანისას შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე გამოძიების დაწყება.

ამასთან, სამსახურმა აგრეთვე დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ვიდეოებისა და ფოტოების გამოქვეყნებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი დაარღვიეს.

თოლორაიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არის სამსახურის „დასჯა“ დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის და სხვადასხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო. იმავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება „უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას“.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისმა ასევე გამოხატეს შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით კი – ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button