ახალი ამბები

ომბუდსმენი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ქართული ოცნების ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და „მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას“.

ომბუდსმენი „გაუმჭვირვალედ“ შემუშავებული კანონპროექტის „მთავარი ხარვეზად“ სამსახურის თანამშრომელთა გათავისუფლებას ასახლებს, რაც მისივე თქმით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, ასევე კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არასათანადო მოპყრობის აკრძალვისა და პირადი ცხოვრების უფლებებიდან მომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებს“.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლების შემოთავაზებული, არსებული წესისგან განსხვავებული პროცედურა, მათ სხვა საჯარო მოხელეებთან შედარებით, „უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს“ და „დისკრიმინაციულია თავისი შინაარსით“.

ომბუდსმენი საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასაც იშველიებს და ამბობს, რომ დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ „საგამონაკლისოდ“, მაშინ შეიძლება, როდესაც ეს ქმედება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის „აუცილებელი“ და „ერთადერთი“ ეფექტიანი საშუალებაა. სახალხო დამცველის განმარტებით, ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით, ეს „განსაკუთრებული შემთხვევა“ მისი მართვის გაუმჯობესების მიზანი შეიძლება იყოს.

აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლოზე მითითებით, ომბუდსმენი განმარტავს, რომ მსგავს განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ მათი შეცვლა გადაუდებელი აუცილებლობაა. სახალხო დამცველის შეფასებით საქმე, რომ ამ ტიპის შემთხვევასთან არ გვაქვს, იმითაც დასტურდება, რომ კანონპროექტით ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობა „ფაქტობრივად“ არ იცვლება.

„ინიცირებული პროექტი არ გვთავაზობს რამე შინაარსობრივ სიახლეს… ინსპექტორის სამსახურის ადგილზე იქმნება 2 ახალი ორგანო და მხოლოდ მიზერულად იზრდება საგამოძიებო იურისდიქცია. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურაზე დამოკიდებულების კუთხით არ არის რამე სიახლე შემოთავაზებული“, – აცხადებს ომბუდსმენი და დასძენს, რომ „პროკურატურის თანამშრომლები აღარ მოექცევიან სამსახურის საგამოძიებო მანდატის ქვეშ“.

სახალხო დამცველი „საგანგაშოდ“ აფასებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასაც და აცხადებს, რომ „გამართულად“ და „ეფექტიანად“ მომუშავე დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების დაინტერესებულ მხარესთან და პარლამენტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე მიღების მიზანი ამ ორგანოს „საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენაა“.

ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის მიღებისგან თავის შეკავებისკენ, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანოებს კი – პროცესში მაქსიმალურად ჩართვისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი ტიპის კანონის მიღება, რომელიც „საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას გააუარესებს“.

სახალხო დამცველი კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს შენიშვნებით პარლამენტისთვის უკან დაბრუნებისკენ ან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისკენაც მოუწოდებს.


ქართული ოცნების დეპუტატებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცლად ორი ახალი სამსახურის შექმნის შესახებ კანონპროექტი ბიუროზე ოფიციალურად დღეს დაარეგისტრირეს. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით, სავარაუდოდ, 29-30 დეკემბერის რიგგარეშე სხდომებზე განიხილავს.

მმართველი გუნდის ინიცირებული ცვლილებები დღეს „დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის“ სამსახურის „დასჯად“ შეაფასა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ.

„ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს პროცესი საფრთხეს უქმნის ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფ პირს“, – განაცხადა მანვე.

„დაჩქარებული წესით… მხოლოდ დაინტერესებულ მხარეებთან, არამედ თავად სახელმწიფო ინსპექტორთან ყოველგვარი კონსულტაციის, ასევე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გარეშე“ განონპროექტის შემუშავებას დღესვე შემაშფოთებელი უწოდა აშშ-ის ელჩმა კელი დეგანანმაც.

ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააკრიტიკეს და თქვეს, რომ „მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას“.

კანონპროექტი ქართული ოცნების მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნებისა და დამოუკიდებელ ინსტიტუტზე კონტროლის მოპოვების მცდელობად შეაფასეს ოპოზიციაშიც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button