skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს როგორც რეგიონული შუამავლის როლზე საუბრობს 

24 ოქტომბერს, ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში სტუმრობისას, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევაზე, საქართველოს როგორც რეგიონული შუამავლის როლსა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ბოლო განცხადებებზე ისაუბრა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „ეს ის საკითხია, რომელსაც ევროკომისია შეაფასებს“, ვინაიდან სასამართლო რეფორმა ევროკავშირის საბჭოს მიერ წამოყენებული 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია.

თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესი „ფართო და ინკლუზიური“ უნდა იყოს და მასში სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია და სხვა დაინტერესებული პირები უნდა მონაწილეობდნენ.

აღნიშნა რა, რომ საქართველოში მოგზაურობისას, იგი რეგიონული სასამართლოების მოსამართლეებს და „თავისი საქმის ერთგულ პროფესიონალებს“ ხვდება, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ კანონის აღსრულების კუთხით. აშშ-ის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმა სასამართლოების წინაშე არსებულ ზოგიერთ რეალურ გამოწვევას გადაჭრის. მან ერთ-ერთ მაგალითად სასამართლოების გადატვირთულობა დაასახელა.

„მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეები იმ ტიპის სასამართლო მხარდაჭერას იღებენ და ისეთი სასამართლო სისტემა აქვთ, რომელიც ნამდვილად უჭერს მხარს დემოკრატიას და ქვეყნის მოქალაქეებს“, – დასძინა ელჩმა.

საქართველოს როგორც რეგიონული შუამავლის როლი 

საქართველოს როგორც რეგიონული შუამავლის როლთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, აშშ-ის ელჩმა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისთვის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) მნიშვნელოვან საკითხებზე მათი ლიდერების შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საქართველოს ხშირად უთამაშია შუამავლის როლი“, – განაცხადა მან და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაში საქართველოს როლის მნიშვნელობა აღნიშნა.

ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ „რეგიონის წინაშე უამრავი საკითხი დგას, იქნება ეს წყალი, ენერგეტიკა თუ ეკონომიკა, სადაც ერთად მუშაობის შემთხვევაში, სამ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ხალხის მდგომარეობის გამოსწორება“.

ამ კონტექსტში, მან განაცხადა, რომ „ძალიან დადებითი და იმედისმომცემი ნიშანია, რომ პრეზიდენტი ალიევი აქ იმყოფება და ასევე პრემიერმინისტრ ფაშინიანის ვიზიტი, როდესაც ის და ქვეყნის ოფიციალური პირები ჩამოდიან ხოლმე“. „საქართველო არის ადგილი, რომელიც ადამიანებს აკავშირებს, და ვფიქრობ, ეს საქართველოს ისტორიის მანძილზე ასე იყო და ახლაც იმავეს ვხედავთ“, – დასძინა მან.

არსეტოვიჩის ბოლოდროინდელი განცხადებები 

ელჩმა დეგნანმაასევე იმ აზრთა სხვადასხვაობაზეც ისაუბრა, რაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის 21 ოქტომბრის ნათქვამს მოჰყვა, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინა მოახდენს „ძალის პროეცირებას“ საქართველოში, სადაც, მისივე თქმით, „პრორუსული მთავრობაა“. აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ მას არ სურს „უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, ბატონი არესტოვიჩის სახელით“ ისაუბროს, თუმცა აღნიშნა, რომ „ყველაფერი, რაც საქართველოს და უკრაინას ყოფს, მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს“. მისივე თქმით, „ახლა ნამდვილად ერთად ყოფნის დროა“.

აღნიშნა რა, რომ როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და რუსეთი დაემუქრა მათ, ელჩმა გაიმეორა, რომ „ახლა გაერთიანების დროა, რათა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის უსაფრთხოდ და შენარჩუნებული“.

„ამერიკის შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია არის და იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი და სწორედ ამის შენარჩუნება გვინდა ვიხილოთ აქ“, – დასძინა მან.

რეფორმები, ევროკავშირი 

„ამერიკის შეერთებული შტატების თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად და მკაფიოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროპული მომავლისკენ“, – განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია, რომ გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. აღნიშნა რა, რომ ახლა საქართველოს „რეალური შესაძლებლობა“ აქვს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ელჩმა განაცხადა, რომ საჭიროა, ქვეყნის ლიდერებმა და ხალხმა ერთად იმუშაონ იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც ევროკავშირის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესასრულებლადაა საჭირო.

აშშ-ის ელჩის თქმით, 12 პრიორიტეტის შესრულების გარშემო „ფართო და ინკლუზიური პროცესის“ ჩამოყალიბება საქართველოს მზადყოფნის დასტური იქნება და „ჩვენ ყველანი ვაკვირდებით შეუძლიათ თუ არა საქართველოს ლიდერებს იმის გაკეთება, რაც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button