რა პოზიცია ჰქონდა საქართველოს რუსეთის შესახებ PACE-ს რეზოლუციაზე?
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელიც მოსკოვის მიერ უკრაინის რეგიონების ახალ ანექსიას გმობს და რუსეთის რეჟიმს „ტერორისტულად“ მოიხსენიებს.
საპარლამენტო ასამბლეაზე ეროვნული დელეგაციების წევრები ინდივიდუალურად აძლევენ ხმას. რეზოლუციას მხარი 99 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი – თავი შეიკავა.
- 14/10/2022 – PACE რუსეთს „ტერორისტულ“ რეჟიმად აღიარებს
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციამ მხარი მხოლოდ ორმა ქართველმა დეპუტატმა დაუჭირეს – ხატია დეკანოიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და ლევან იოსელიანმა, მოქალაქეებიდან. მმართველი პარტიის დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ვინ შედის საქართველოს დელეგაციაში?
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციიდან სესიას ესწრებოდნენ:
- ქართული ოცნების ოთხი დეპუტატი – ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, ასევე – ირაკლი კობახიძე, გივი მიქანაძე და არჩილ თალაკვაძე;
- ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი – ხატია დეკანოიძე;
- მოქალაქეების დეპუტატი – ლევან იოსელიანი.
რას არ მისცა ხმა ქართულმა ოცნებამ?
ქართული ოცნება, სავარაუდოდ, არ დაეთანხმა რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც წერია:
„ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყონებლივ გაათავისუფლოს ვლადიმირ კარა-მურზა. ასამბლეა ასე მოითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის)“.
ქართული ოცნება აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დააპატიმრეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიციის ნაწილი ამ არგუმენტებს არ იზიარებს. ამასთან, ისინი და სახალხო დამცველის აპარატი ყოფილი პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებენ, რაც შესაძლოა მისი პირობითი გათავისუფლების წინაპირობა გახდეს.
საიდან გაჩნდა ჩანაწერი სააკაშვილზე?
ეს ჩანაწერი რეზოლუციის ტექსტში შესწორების სახით შევიდა. მე-4 შესწორება რეზოლუციის ტექსტში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 45-მა დეპუტატმა შეიტანა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ცვლილებას 56-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 10-მა თავი შეიკავა. ქართული ოცნების ერთმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ცვლილების წინააღმდეგ მისცა ხმა. დანარჩენებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დეპუტატების უმეტესობამ ევროპის სახალხო პარტიიდან ცვლილებას მხარი დაუჭირა. შესწორებას მხარი დაუჭირეს ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის ევროპისთვის (ALDE) და ევროპელი კონსერვატორების წარმომადგენლებმაც. ევროპული სოციალისტების ბევრმა, თუმცა არა ყველა წევრმა ცვლილების წინააღმდეგ მისცა ხმა, შვიდმა კი – მხარი დაუჭირა.
როგორ ხდება კენჭისყრის ორგანიზება?
ასამბლეის სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ ტექსტის პროექტს, შემდეგ მის ცვლილებებს. ასამბლეა ან კონსენსუსით იღებს ცვლილებებს, ან ხმის მიცემის პროცესი იმართება. შემდეგ, რეზოლუციის საბოლოო ვერსიას ეყრება კენჭი.
კენჭისყრა რეზოლუციაზე
ხატია დეკანოიძე ერთადერთი დეპუტატი იყო საქართველოს დელეგაციიდან, რომელმაც ყველა ცალკეულ ცვლილებას და მთლიანად რეზოლუციას დაუჭირა მხარი. დეპუტატმა იოსელიანმა ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. თუმცა, მთლიანად რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
ქართული ოცნების დეპუტატებს მთლიანი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ.
როგორ ხსნის ქართული ოცნება თავის ქმედებას?
ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „„საქართველომ და სახელისუფლებლო გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე მისცა ხმა. რაც შემდეგ მოხდა იყო, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი და ეს გააკეთა ზუსტად, ნაციონალურმა მოძრაობამ და [მიხეილ] სააკაშვილთან პირადად დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა – მათ ამ რეზოლუციაში დააინიცირეს სააკაშვილთან დაკავშირებული ცვლილება, რომელსაც 600 დეპუტატიდან მხოლოდ 55-მა დაუჭირა მხარი… აქედან ჩანს, რომ სააკაშვილის საკითხმა თავად რეზოლუციაზეც ძალიან ტოქსიკური გავლენა მოხდინა. დარწმუნებული ვარ რომ ბევრი, მათ შორის უკრაინელი დეპუტატებიც უკმაყოფილო იყვნენ ამ ცვლილების ინიცირებით“.
დეპუტატმა გივი მიქანაძემ, რომელმაც რეზოლუციის ერთ-ერთი შესწორების წინააღმდეგ მისცა ხმა, ხაზი გაუსვა, რომ „[რეზოლუციაში შეტანილმა შესწორებამ] კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ეს იყო სპეციალურად შემოგდებული, ერთგვარი პროვოკაციული აქტი, რის გამოც [ევროპის] სახალხო პარტიას, უკრაინელ დეპუტატებს, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, შესაძლებლობა მიეცათ, რომ ეს აბსურდული ჩანაწერი… მიეღოთ. აღნიშნულის შემდეგ, მე დარბაზი დავტოვე, იქიდან გამომდინარე, რომ პოზიცია, რომელიც იქ მყოფმა უმრავლესობამ დააფიქსირა, აბსოლუტურად მიუღებელი იყო“.
„რეზოლუციაში, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი], რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა. ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და, რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება და ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი… რა ტექსტიც იქნება და რაც არ უნდა ეწეროს, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ქართველ ხალხზე, მას ჩემი პირადი და არც ქართული ოცნების მხარდაჭერა არ ექნება“, – ხაზი გაუსვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის დამატების საკითხზე გაამახვილა ყურადღება ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა და განაცხადა – „ევროპის სახალხო პარტიისთვის სამარცხვინო არის, რომ მასთან ასოცირებული პოლიტიკური პარტიის ლიდერი [მიხეილ სააკაშვილი] იყოს კრიმინალი და ამიტომ ცდილობენ ყველანაირი პოლიტიკური მოტივით ამის გადაფარვას“.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უარყო ოპოზიციის განცხადება, რომ თითქოს მათ შეეძლოთ ხმა არ მიეცათ ცალკეული შესწორებისთვის, თუმცა მხარი დაეჭირათ მთლიანი რეზოლუციისთვის. „როცა საბოლოოდ კენჭისყრაზე რეზოლუცია გამოდის, მას კენჭი ეყრება ერთიანად, ყველა ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც მასშია გათვალისწინებული და ასახული“, – განაცხადა მან და დასძინა – „არ ვიცი, მათ [ნაციონალური მოძრაობა] ასეთი ტყუილებით ვინ უნდა დააჯერონ“.
ოპოზიციის შეფასება
„ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იყო უმნიშვნელოვანესი ისტორიული რეზოლუცია“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ.
მანვე ქართული ოცნება იმის გამო გააკრიტიკა, რომ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც საუბარია საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გაყვანაზე. „თქვენ შეგეძლოთ მარტივად წინააღმდეგ მიგეცათ ხმა იმ შესწორებისთვის, რომელიც რეალურად თქვენ არ მოგწონდათ, შესწორებისთვის, რომელსაც ხელი მოაწერა არა მხოლოდ ხატია დეკანოიძემ ან უკრაინის წარმომადგენლებმა, არამედ ხელი მოაწერა 35-ზე მეტმა დეპუტატმა, იმ დელეგაციის წევრებმა, რომლებსაც ძალიან დიდი გავლენა აქვთ“, – მიმართ მან ქართული ოცნების დეპუტატებს. მანვე დასძინა, რომ „ვერცერთი დემაგოგიური განცხადება, რაც უნდა ისაუბროთ, ვერ გადაფარავს იმ სამარცხვინო პოზიციას, რომელიც იყო ევროსაბჭოში საქართველოს უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი“.
„…თუ მაინცდამაინც არ ეთანხმებოდნენ იმ შესწორებას, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებას, მათ [ქართულ ოცნებას] ჰქონდათ შესაძლებლობა, არ დაეჭირათ მხარი ამ შესწორებისთვის, მაგრამ მხარი დაეჭირათ შესწორებისთვის, რომელიც პუტინის რეჟიმს აცხადებს ტერორისტულ რეჟიმად“, – განაცხადა ლელო საქართველოსთვის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
„სიმართლე არის მარტივი, ქართულ ოცნებას არ სურდა მხარი დაეჭირა პუტინის რეჟიმის ტერორისტებად გამოცხადებისთვის და ამისთვის გამოიყენეს საბაბად მიხეილ სააკაშვილის საკითხი“, – დასძინა მანვე.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რეზოლუციისთვის მხარდაჭერა, თუმცა იქ იყო ერთი მომენტი, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დამატებას, რომელიც ქართული ოცნებისთვის გასაგებია, იყო წითელი ხაზი და ამას მხარს ვერ დაუჭერდნენ. თუმცა, ვფიქრობ, მათ უნდა გაეკეთებინათ ის, რაც გავაკეთე მე – დაეჭირათ რეზოლუციისთვის მხარი და არ დაეჭირათ ამ დამატებისთვის, რის შესაძლებლობასაც ევროსაბჭოს რეგლამენტი იძლევა“, – აღნიშნა მოქალაქეების დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)