ახალი ამბები

პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში აშშ-ს სტუმრობს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ასევე ასამბლეის ფარგლებში გამართულ განათლების სამიტში მიიღო მონაწილეობა.

გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები მიმოიხილეს, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომსა და მსოფლიოზე მის გავლენაზეც იმსჯელეს.

ამავე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული წესრიგი მთლიანად შეარყია.

საქართველოს პრემიერმინისტრმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოც განიხილეს და საქართველოს შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზეც გაამახვილეს ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, საქართველო მედიატორის როლის შესრულებისთვის კვლავაც მზად არის.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზეც იმსჯელეს, რა დროსაც პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად“.

მანვე ანტონიო გუტიერეშს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „ურყევი მხარდაჭერისათვის“ მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობასა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერმინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტა.

მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ომის შედეგად მსოფლიოსა და რეგიონში არსებული „რთული უსაფრთხოების ვითარებაც“ მიმოიხილეს. მათვე რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის ორ ქვეყანას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა აღნიშნეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტი ერდოღანი საქართველოში მოიწვია.


ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში 18 სექტემბერს გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, იგი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. პრემიერთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე იმყოფებიან – საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button