skip to content
ახალი ამბები

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ

საქართველოში ვიზიტად მყოფი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარალამენტარი მარინა კალიურანდი და საქართველოს შესახებ მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი 20 სექტემბერს მმართველი პარტიის ლიდერებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდნენ.

შეხვედრები მმართველი პარტიის ლიდერებთან

ევროპარლამენტარები მმართველი გუნდიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. ორივე შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილიც ესწრებოდა.

საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიურ დღის წესრიგს გაუსვა ხაზი და ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის განხორციელების პროცესში საქართველოს პროგრესზე ისაუბრა.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმდინარე რეფორმებიც მიმოიხილეს და საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობებზეც იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტისვე ინფორმაციით, ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის შესრულებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს ევროპარლამენტარებმა ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე.

„… ვისაუბრეთ 12 პუნქტის შესრულებაზე – როგორ მიმდინარეობს პროცესი. განვმარტეთ, რომ პროცესში მონაწილეობა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას შევთავაზეთ… თავად შინაარსთან დაკავშირებითაც განვუმარტეთ, თუ როგორ მიდის ყველაფერი. მთლიანობაში, ისინი დეტალურად არიან ინფორმირებული ამ პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან

საქართველოს პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, ევროპარლამენტარებმა ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრაზე ევროკავშირის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციის განხორციელების პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მისი და მისი ფრაქციის პოზიცია იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ „საქართველო არ არის დემოკრატია“ და მასზე და მის კოლეგებზე ფარული თვალთვალი მიმდინარეობს, „ჩვენ მაინც ვართ პარლამენტში წარმოდგენილნი და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ვაკეთებთ ყველაფერს“.

პარტია ლელოს წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორებისთვისაც აბსოლუტურად გასაგებია, რომ „ჩვენი პოზიცია არის, რომ ჩვენი ხმა ექნება ყველა ინიციატივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას“. მისივე თქმით, შეხვედრაზე მედიის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს.

„ყველას ძალიან კარგად ესმის – მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაში მყოფ ძალაზე. ისინი დარჩნენ მარტო. ისინი არ ელაპარაკებიან არავის. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ბოიკოტი გამოუცხადეს და გააგდეს საკუთარი სამუშაო ჯგუფებიდანაც კი მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები“, – განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძის განცხადებით, შეხვედრაზე ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა – სასამართლოს რეფორმა, უმცირესობების უფლებების დაცვა, 2021 წლის 5-6 ივლისის გამოძიება, მედიის თავისუფლება და სხვ. „დასკვნა არის ერთი, რომ ქვეყანაში პროგრესი ამ საკითხებთან მიმართებით არ არის“.

„[შეხვედრაზე] მე ხაზი გავუსვი, რომ არჩევნების მანიპულირება და ფაქტობრივი გაყალბება ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს“, – განაცხადა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა.

პარტია მოქალაქეების დეპუტატის, ლევან იოსელიანი თქმით, ევროპარლამენტარები მათ ერთად მუშაობისკენ მოუწოდებენ. „ამას [ისინი] ამბობენ იმათ გასაგონად, ვინც სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე ამბობს უარს“, – ხაზი გაუსვა მან.

ევროპარლამენტარების შეფასება

შეხვედრების დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბარში ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა თქვა, რომ ეს სწორედ ის მომენტია, რისთვისაც საქართველოს მოუწოდებდნენ რომ მომზადებულიყო. მანვე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ხალხის ინტერესების სასარგებლოდ და ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მანვე ოპოზიციას ხალხის წინაშე აღებული მანდატი შეახსენა და სამუშაო ჯგუფებში ჩართვისკენაც მოუწოდა.

თავის მხრივ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში პოლიტიკურ სუბიექტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმაც. მანვე დასძინა, რომ ევროპული ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე ცალკეული პარტია ან პოლიტიკოსი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button