skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი ევროკომისიის რეკომენდაციებზე, „დეოლიგარქიზაციასა“ და „მეორე ფრონტის“ გახსნაზე

ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, რომელიც 20 სექტემბერს გამოქვეყნდა, სხვა საკითხებთან ერთად, იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოს მხრიდან ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიაქცევს ყურადღებას. მანვე „გარე ძალების“ მხრიდან საქართველოს ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობების შესახებ ბრალდებებსაც უპასუხა.

რეკომენდაციების შესრულების პროცესის ინკლუზიურობა

საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას, ელჩმა ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად 12 პირობის შესრულებისთვის ქვეყნის ხელისუფლების „ამბიციური გეგმისა“, ეს მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. მისივე თქმით, ყველა მხარეზეა დამოკიდებული „ააშენოს ხიდი და იმუშაოს კონსტრუქციულად, რათა მიაღწიოს პროგრესს 12-ვე მიმართულებით“.

ამ კონტექსტში, ელჩმა ერთი მხრივ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პროცესი ინკლუზიურად უნდა წარმართოს, მეორე მხრივ კი – ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციული მიდგომის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველყოს პროგრესის მიღწევა“, – განაცხადა მან.

ელჩი ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირისთვის მნიშნველოვანია არა მხოლოდ კანონმდებლობა, არამედ თავად პროცესიც, რომელიც თავის თავში უნდა მოიცავდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ისარგებლონ საერთაშორისო ნორმების ცენტრებით – ოდირით, ვენეციის კომისიით, რომ ამ საერთაშორისო სტანდარტების ცენტრებთან სრულად გაიარონ კონსულტაცია და მათი მოსაზრებები იყოს გათვალისწინებული, – დასძინა მან.

„გასათვალისწინებელია იმპლემენტაციის ნაწილიც, ასე რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანონმდებლობა, არა მხოლოდ პროცესი, რომელსაც კანონმდებლობამდე მივყავართ, არამედ იმპლემენტაციაც მხედველობაში იქნება მიღებული“, – ხაზი გაუსვა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ქართველები უნდა დასხდნენ ერთად, „ააშენონ ხიდები და დაძლიონ განსხვავებები“, რადგან, მისივე განცხადებით, ამ მომენტს გამოყენება სჭირდება. „ძალიან დიდი შეცდომა იქნება თუ ეს შესაძლებლობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ მოგცათ და რომელიც ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით გაჩნდა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი, ფუჭად იქნება გახარჯული“, – ხაზი გაუსვა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

„დეოლიგარქიზაცია“

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ დეოლოგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, ევროკავშირის ელჩმა უპასუხა, რომ საკითხი „ძალიან მარტივია“ და ის მხოლოდ საქართველოსთვის არ არის უნიკალური. „ეს საკითხი საკმაოდ გავრცელებულია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიზნესს აქვს დიდი ინტერესი და ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე“.

„ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა, გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მიმზიდველობას პერსპექტიული ინვესტორებისთვის. გადაწყვეტილება ქართველებზეა, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი ამ საკითხთან მიმართებითაც მიღწეული იქნება“.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ევროკავშირი, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, ელჩმა ჰერჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციას შორის არ არის სახელები. ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, მაგრამ არ ვახსენებთ არანაირ სახელებს.

„რაც შეეხება ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას, ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერია და ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ ერთსულოვნებაზე დაფუძნებით ანუ ყველა წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმდეს და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ძალიან კარგად დოკუმენტირებული და ძალიან კარგად გამყარებული.“, – დასძინა ევროკავშირის ელჩმა.

ქართული ოცნების ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ცალკეული ევროპარლამენტარების მიმართ კრიტიკაზე დასმული კითხვის პასუხად, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ კრიტიკა ყოველთვის ჯანსაღი პროცესია, თუმცა როდესაც გსურს გახდე რაიმე ოჯახის წევრი, როგორც წესი, ხარ ძალიან ფრთხილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახასიათებ ამ ოჯახის წევრებს.

„ევროკომისიის პრეზიდენტის [ურსულა ფონ დერ ლაიენის] 2-3 დღის წინ გაკეთებულ განცხადებაშიც კი მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, რომელიც ცდილობს შეუერთდეს ამ ოჯახს, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სწორედ, ეს იქნება დიალოგის საგანი – საქართველო, რომელიც ცდილობს შეუერთდეს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული ქვეყნების ოჯახს“, – განაცხადა მან.

„მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობა

„გარე ძალების“ მხრიდან საქართველოს ომში ჩართვისა და ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ ბრალდებებს ევროკავშირის ელჩმა „აბსურდი“ უწოდა და „წმინდა წყლის ნონსენსი“ უწოდა.

„ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, ჩვენ მივიღეთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბრალდებები სუფთა სისულელეა. ბოდიშს ვიხდი, რომ ვარ იმდენად უხეში, რამდენადაც შესაძლებელია“, – განაცხადა მან.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და დასძინა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე უკვე 14 წელია უზრუნველყოფს „სტაბილურობისა და პროგრესის დაცვას, როდესაც საქმე ეხება სეპარატისტულ ტერიტორიებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button