skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს გახარიას პარტიის დაკავებული წევრი გაათავისუფლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრი, გელა აბულაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მარტში თაღლითობის ფაქტზე დააკავა, 8 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. ამის თაობაზე პარტია საქართველოსთვის იტყობინება.

სასამართლომ მხარი დაუჭირა დაცვის მხარის არგუმენტს, რომ აბულაძის პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2020 წლის პირველ ნახევარში გელა აბულაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მასთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა. სუს-ის განცხადებით, მერის წარმომადგენელმა აბულაძის მიერ დასახელებულ პირებზე მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები შეადგინა, რის საფუძველზეც, მათ საკუთრებაში თაღლითურად 406 250 ლარის ღირებულების 100 083 მ2 9 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს. დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (მე-2-ის „ა“ და მე-3-ის „ბ“) და 341-ე მუხლებით დაიწყო, რაც 6-9 წლამდე თავისუფლებას ითვალისწინებს.

აბულაძის დაპატიმრების შემდეგ, გახარიას პარტიამ ამ ფაქტს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. აბულაძის დაპატიმრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ სუს-მა საქმეზე გამოძიება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაიწყო და მიზანი „გელა აბულაძესა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, რაც მათ ვერ შეძლეს“.

აბულაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი 2021 წლის არჩევნების შედეგად გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button