skip to content
ახალი ამბები

წალენჯიხის საკრებულოს გახარიას პარტიის წევრი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 28 მარტს განაცხადა, რომ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, „დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრი, გელა აბულაძე დააკავეს.

სუს-ის ცნობით, დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (მე-2-ის „ა“ და მე-3-ის „ბ“) და 341-ე მუხლებით მიმდინარებს, რაც 6-9 წლამდე თავისუფლებას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2020 წლის პირველ ნახევარში გელა აბულაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მასთან დაახლოებულ პირებსა და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა, თითქოს მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. „ლეციმინტიეს“ უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია.

სუს-ის განცხადებით, მერის წარმომადგენელმა აბულაძის მიერ დასახელებულ პირებზე მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები შეადგინა, რის საფუძველზეც, მათ საკუთრებაში თაღლითურად 406 250 ლარის ღირებულების 100 083 მ2 9 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს.

სუს-ის განმარტებით, ბრალი საქმის მონაწილე ყველა სხვა პირსაც წარუდგინეს.

გელა აბულაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წევრი 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მოცემული მომენტისთვის, წალენჯიხის 27-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 11-11 დეპუტატი ჰყავს, 3 პარტია საქართველოსთვის, 1 ლელოს, 1-ც დამოუკიდებელი დეპუტატია.

პარტია საქართველოსთვის გამოხმაურება

 გელა აბულაძის დაკავებას „უკანონო“ უწოდეს მისმა თანაგუნდელებმა და თქვეს, რომ მასთან ადვოკატს ამ დრომდე არ უშვებენ.

დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება მუნიციპალიტეტებში წაგებულ არჩევნებს „ვერ ეგუება“ და „ცდილობს, პოლიტიკური მოცემულობა და მოქალაქეთა არჩევანი შეცვალოს უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ.“.

ამ კონტექსტში დაუშვილმა, წალენჯიხის საკრებულოში პარტია საქართველოსთვის კიდევ ერთი წევრი, ნანა ლემონჯავაც გაიხსენა, რომელიც მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ „მოისყიდა“ და „გადაიბირა“.

მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული რისკებისა და „ეკონომიკური საფრთხეების“ გადაჭრის ნაცვლად, მმართველი გუნდი „კვლავ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იბრძვის“.

დაუშვილის განცხადებით, სუს-მა საქმეზე გამოძიება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაიწყო და მიზანი „გელა აბულაძესა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, რაც მათ ვერ შეძლეს“.

„ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს უკანონო დაკავება აღიკვეთოს და ბატონი გელა აბულაძე იქნეს გათავისუფლებული“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button