Placeholder canvas
ევროპამთავარი თემა

რას მოასწავებს ლაჩინის აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დაბრუნება?

რა მოხდა?

26 აგვისტოს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა ქ. ლაჩინი და სოფლები ზაბუხი და სუსი, სადაც 2020 წლის შემოდგომაზე ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ რუსი სამშვიდობოები იყვნენ განლაგებული.   


ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, მკვლევარი, ტვიტერზე: @bilanishviliG


რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

ლაჩინის დერეფნის სახელით ცნობილ ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებით ბაქომ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები ყარაბაღის პრობლემის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მოსაგვარებლად.

ლაჩინის დაბრუნებით ბაქომ სომხეთზე გავლენის ბერკეტები კიდევ უფრო გაიძლიერა და რუსეთსაც საკუთარი პირობები მოახვია თავს. რუს სამშვიდობოებს მოუწიათ ლაჩინის ტერიტორიის დატოვება და ახალი, ბაქოს მიერ აშენებული გზის დასაცავად გადანაცვლება.

ანალიზი

სომხეთმა ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ დაიკავა ლაჩინის რაიონი, აზერბაიჯანის კიდევ ექვს რაიონთან ერთად. ლაჩინის სატრანსპორტო დერეფანს სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა. ის წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა პირდაპირ კავშირს ერევანსა და სტეპანაკერტს შორის.

ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, 2020 წელს, ადრე სომხეთის მიერ დაკავებული შვიდი რაიონი – მათ შორის ლაჩინისა – აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. თუმცა, რუსეთის შუამავლობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, უშულოდ ლაჩინის სატრანსპორტო დერეფანში რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ.  

ლაჩინის დერეფნის საკითხი სამშვიდობო შეთანხმებაში

სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, ლაჩინის დერეფანს დროებით შეუნარჩუნდა ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირის უზრუნველყოფის ფუნქცია, რაზეც პასუხისმგებლობა იქ განლაგებულ რუს სამშვიდობოებს უნდა ეკისრათ. თუმცა, ამავე შეთანხმების თანახმად, სამი წლის განმავლობაში მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ ლაჩინის დერეფნის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობაზე. გეგმით, სწორედ ამ ახალი მარშრუტით დაუკავშირდებოდა სომხეთი ყარაბაღს, ხოლო რუსი სამშვიდობოები კი ლაჩინის დერეფნის ნაცვლად უკვე ამ ახალ მარშრუტზე განთავსდებოდნენ.      

ფაქტის წინაშე: ბაქოს სტრატეგია

ბაქო სერიოზულად ეკიდება დაბრუნებული ტერიტორიების შემომტკიცებას, განსაკუთრებით ქვეყნის ინფრასტრუქტურაში მის ჩართვას. ფიზულში გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა საერთაშორისო აეროპორტი. სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება შუშაშიც.

მსგავსი იყო აზერბაიჯანის პოლიტიკა ლაჩინის დერეფანთან მიმართებაში. ბაქოს დრო არ დაუკარგავს სომხურ მხარესთან ლაჩინის დერეფნის ალტერნატიული მარშრუტის თაობაზე მოლაპარაკებებზე და არც შეთანხმებით განსაზღვრული სამწლიანი ვადის გასვლას დალოდებია 2023 წელს.

ბაქომ საკმაოდ სწრაფად ააგო ალტერნატიული საგზაო მარშრუტი საკუთარ ტერიტორიაზე და მიიყვანა იგი სომხეთის საზღვრამდე. ამის შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ სომხურ მხარეს საკუთარ ტერიტორიაზე სამუშაოები ჯერ კიდევ დასრულებული არ ჰქონდა, დაიწყო აქტიური ქმედებები ლაჩინის დერეფანზე კონტროლის მოსაპოვებლად.

სომხეთი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აქ ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მათ მოუწევდათ ლაჩინის დერეფნის დათმობა, თუმცა კონკრეტული ვადების დასახელებისგან ყველა თავს იკავებდა.

აგვისტოს დასაწყისში კონფლიქტის ზონაში ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა. შედარებით მცირე მასშტაბის, მაგრამ საკმაოდ მწვავე სამხედრო შეტაკებაში, აზერბაიჯანული მხარის გადამწყვეტი უპირატესობა გამოიკვეთა. აზერბაიჯანის შეირაღებულმა ძალებმა რამდენიმე სიმაღლის დაკავებაც მოახერხეს.

ამის შემდეგ, როგორც სომხეთის ისე ყარაბაღის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდა განცხადებები ლაჩინის დერეფნის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასვლის თაობაზე, რის თარიღადაც 25 აგვისტო დასახელდა. 

რა მიიღო აზერბაიჯანმა?

ლაჩინის დერეფნის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დაბრუნების შემდეგ, სომხეთს აღარ აქვს შესაძლებლობა პირდაპირ, აზერბაიჯანის გაუვლელად დაუკავშირდეს ყარაბაღს.

რუსი სამშვიდობოები ბაქოს მიერ ალტერნატივის სახით აშენებულ, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ. ამიერიდან, აზერბაიჯანს ყველა საშუალება აქვს მკაცრად გააკონტროლოს ტვირთები და მიმოსვლა, სომხეთსა და ყარაბაღს შორის.

ლაჩინის დერეფნის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასვლის შემდეგ ბაქოს ხელშია მთიანი ყარაბაღის სომხეთიდან გაზით, ელექტროენერგიითა და ინტერნეტით უზრუნველმყოფი ინფრასტრუქტურა.

შესაბამისად, ბაქომ საკმაოდ სოლიდური ბერკეტი მიიღო სომხეთთან მოლაპარაკებებში სასურველი დათმობების მისაღებად. ბაქოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სომხეთის ტერიტორიის გავლით სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებაა, რის მიღწევასაც იგი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შეეცდება.

კრემლის სისუსტე და დათმობები     

ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანისა და მისი მოკავშირის, თურქეთის წარმატების მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ მოახერხა და სამშვიდობო შეთანხმების მთავარ მედიატორად მოგვევლინა. შეთანხმების პირობები სავარაუდოდ იმაზე იყო გათვლილი, რომ კრემლს შეენარჩუნებინა გავლენა იმდენად მაინც, რომ ყარაბაღის კონფლიქტი, როგორც ბაქოზე, ისე ერევანზე ერთგვარ ზეწოლის ბერკეტად დარჩენილიყო.

მოსკოვი ფორმალურად ახლაც ინარჩუნებს მედიატორის როლს, რადგან სხვადასხვა საკითხებზე ბაქოსა და ერევანს  შორის მოლაპარაკებები სწორედ მოსკოვის მონაწილეობით იმართება. თუმცა, უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობის, დასავლეთთან მწვავე კონფრონტაციის და აზერბაიჯანის აქტიურობის ფონზე, ეს როლი თანდათანობით სუსტდება.

რუსეთის საერთაშორისო და რეგიონული მეტოქეები

ყარაბაღის პრობლების მოგვარებაში სულ უფრო იზრდება ევროკავშირის როლი. ბრიუსელში უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს შორის. მორიგი შეხვედრა ალიევსა და ფაშინიანს შორის ევროკავშირის მონაწილეობით 31 აგვისტოს შედგება.

2010-იან წლებში მოსკოვმა მიზანმიმართულად განდევნა საერთაშორისო მოთამაშეები – ეუთო, ევროკავშირი და გაერო – სამხრეთ კავკასიიდან. ამ საქმეში მაშინ კრემლს ბაქოც დაეხმარა, რომელსაც არ სიამოვნებდა დასავლელი დიპლომატების აქცენტები ადამიანის უფლებებზე.

დღეს ვითარება შეცვლილია – მოსკოვი დასავლეთთან კონფრონტაციაშია, პრეზიდენტ ალიევს კი ევროკავშირის პრეზიდენტი პირადად ეახლა ნავთობის და გაზის მიწოდების გასაზრდელად. ყარაბაღში ევროკავშირის როლის ზრდა კრემლისთვის მისაღები არ უნდა იყოს, თუმცა დღეს მას წინააღმდეგობის გაწევა, როგორც ჩანს, აღარ შეუძლია.

ამასთან ერთად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად მოსკოვის წინაშე წარმოქმნილი სირთულეები ბაქოს საშუალებას აძლევს უფრო თამამი ნაბიჯები გადადგას ყარაბაღის პრობლემის მოგვარების მიზნით. მისთვის დამატებით მნიშვნელოვანი ფაქტორია ანკარას მხარდაჭერა, რომელთანაც სტრატეგიული მოკავშირეობა გააჩნია. თურქეთის პოზიციები რეგიონში ისედაც გაძლიერდა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რადგან სწორედ მისმა დახმარებამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი აზერბაიჯანის გამარჯვებაში.

უკრაინასთან ომში ჩართული მოსკოვისთვის თურქეთის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ერთი მხრივ, ანკარა ცდილობს მედიატორის როლი შეასრულოს რუსეთსა და უკრაინას შორის. მეორე მხრივ კი, მან უარ თქვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე და მოსკოვის მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად რჩება. ამდენად, ჩანს, რომ შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე მოსკოვს უწევს ნაკლებად ხისტი პოზიცია დაიკავოს აზერბაიჯანის მიმართ და უფრო მეტად გაუწიოს ანგარიში ბაქოს პოზიციებს ყარაბაღის პრობლემის საბოლოო მოგვარებასთან დაკავშირებით.          

მსგავსი/Related

Back to top button