ევროპამთავარი თემა

ბრიუსელი სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგებაში აქტიურობს

რა მოხდა

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დელეგაციები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე დღეს პირველად შეიკრიბნენ.


ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, მკვლევარი, ტვიტერზე: @bilanishviliG


რატომაა ეს მნიშვნელოვანი

23 მაისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს უკვე მესამედ უმასპინძლა. პირველი შეხვედრა გასული წლის  14 დეკემბერს, ხოლო მერე სულ ცოტა ხნის წინ, 6 აპრილს გაიმართა. ჩანს, ევროკავშირის მონაწილეობა ორივე მხარისათვის მიმზიდველია. მომდევნო შეხვედრა აგვისტოსთვის დაიგეგმა.

ევროკავშირის გააქტიურება

1994 წელს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შექმნილ ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრები ევროკავშირის ქვეყნებიც იყვნენ. საფრანგეთი, აშშ-სთან და რუსეთის ფედერაციასთან ერთად, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, ხოლო გერმანია, იტალია, შვედეთი და ფინეთი ამავე ჯგუფის მუდმივი წევრები არიან. თუმცა, თავად ევროკავშირი ინსტიტუციურად არასოდეს ყოფილა აქტიური აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების საკითხში.

2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის მეორე ომმა არსებითად შეცვალა მანამდე არსებული ვითარება. ამ ომში აზერბაიჯანმა მოახერხა კონტროლის აღდგენა, როგორც ყარაბაღის ნაწილზე, ისე იმ აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა. მერე მხრივ, ისედაც პასიური ეუთოს მინსკის ჯგუფი, სრულიად უმოქმედო გახდა, რადგან მხოლოდ რუსეთის მონაწილეობით (და თურქეთის არაპირდაპირი ჩართულობით) გაფორმდა 2020 წლის 10 ნოემბერს ახალი სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

შესაბამისად, მოხდა  კონფლიქტის „რეგიონალიზაცია“: გაიზარდა კავკასიის რეგიონის დიდი ქვეყნების წილი და გაქრა არარეგიონული მოთამაშეების ჩართულობა.

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა: რუსეთი ჯერ ყაზახეთის შიდა კონფლიქტში ჩაერია სამხედრო ძალით, შემდეგ კი უკრაინაში შეიჭრა, რითაც დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცა. სწორედ ამ ფონზე ხდება ევროკავშირის გააქტიურება ყარაბაღის საკითხში. ჩანს, ევროკავშირი მიუკერძოებელ აქტორად მიიჩნევა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ,  რუსეთისგან, თურქეთისგან და იგივე, ეუთოს თანათავმჯდომარე საფრანგეთისგან განსხვავებით, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე ხშირად სომხეთის ინტერესების მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.

23 მაისის შეხვედრის შედეგი

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციის თანახმად მხარეები შემდეგზე შეთანხმდნენ:

  • აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციამ წინ უნდა წაიწიოს;
  • უნდა აღდგეს სატრანსპორტო კომუნიკაციები, როგორც  აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს, ნახიჭევანს შორის, ისე აზერბაიჯანის გავლით, ყარაბაღიდან სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო წვდომის თვალსაზრისით. საერთაშორისო ტვირთების ტრანზიტი დაუბრკოლებლად უნდა განხორციელდეს;
  • უნდა გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც მოიცავს ყარაბაღის სომხური მოსახლების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებს;
  • ევროკავშირმა დახმარება უნდა გაუწიოს აზერბაიჯანსა და სომხეთს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

მოსკოვი და ანკარა ევროკავშირის მედიაციაზე

  • ყარაბაღში ომის დასრულებისას ერთადერთი ოფიციალური მედიტორის როლის შესრულებით რუსეთმა დასავლეთს ამ კონფლიქტიდან ფეხი ამოუკვეთა. შარლ მიშელის მედიაცია – მითუმეტეს, თუ ის წარმატებული იქნება – რუსეთის ამ ტაქტიკურ წარმატებას გააბათილებს. ესეც უკრაინაში ინტერვენციის ერთ-ერთ ნეგატიურ გვერდით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.
  • თურქეთს რთული ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთთან, თუმცა რუსეთში უკრაინის შეჭრამ ომმა ისევ გაზარდა ანკარას მხარდაჭერის ფასი რამდენიმე მიმართულებით. როგორც რუსეთის რეგიონული კონკურენტი, თურქეთი არსებითად ევროკავშირის მედიაციის წინააღმდეგი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, თუკი ევროკავშირის მედიაციით შეთანხმებულ საკითხებში თურქეთის ინტერესებსაც გაითვალისწინებენ. რუსი სამხედროების ექსკლუზიური „სამშვიდობო“ სტატუსის გაზავებას ანკარა მანამდეც შეეცადა, თუმცა საკუთარი სამხედრო ძალების ოპერაციაში მონაწილეობას – ბაქოს მცდელობის მიუხედავად – ვერ მიაღწია.

შეთანხმების შესრულების სირთულეები 

23 მაისის შემდგარი შეთანხმების საკითხები თვისობრივად ახალი არ არის, რადგან მათი უმეტესობა ევროკავშირის ეგიდით გამართული წინა ორი შეხვედრის განხილვისა და შეთანხმების მთავარ საგანს წარმოადგენდა.

  • საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი ძალიან პრობლემურია. ყარაბაღის კონფლიქტი უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს, თუმცა ამას გარდა, საბჭოთა პერიოდში, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის ტერიტორიაზე არსებობდა, შესაბამისად, სომხური და აზერბაიჯანული მცირე ანკლავები. ყარაბაღის პირველი ომის დროს, მოწინააღმდეგე მხარეებმა ერთმანეთის ანკლავები დაიკავეს. ამჟამად, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პარალელურად ამ ანკლავების საკითხიც დადგა, რაზეც მხარეები ჯერ-ჯერობით ვერ თანხმდებიან. ნიშანდობლივია, რომ პირველი შეხვედრა მოსკოვში, აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა ის არ თუ ვერ შედგა. ახლა ინიციატივა ბრიუსელმა გადაიბარა.
  • სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით სომხეთის ოპოზიცია, უკვე კარგა ხანია პროტესტებს მართავს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეტაკებები დღესაც მოხდა. თუმცა გარკვეული გარდატეხა მოხდა: სომხეთის სექსპერტო საზოგადოებაშიც უკვე ბევრი მიიჩნევს, რომ ყარაბაღის საკითხი მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში შეიძლებაა გადაწყდეს, ადგილობრივი სომხური მოსახლეობისთვის გარკვეული სტატუსისა და გარანტიების უზრუნველყოფის პირობით.    
  • სატრანსპორტო კომუნიკაციის გახსნა თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებშია, თუმცა ეშმაკი დეტალებშია – მაგალითად მაგისტრალებზე კონტროლის საკითხი მტკივნეულად დგას. მოსკოვს სურს სამხედრო „სამშვიდობო ძალებით“ გააკონტროლოს მნიშვნელოვანი დერეფნები. ზოგადად, სატრანსპორტო მაგისტრალების განბლოკვა კრემლს ნაკლებად იზიდავს თუკი ამ გზით ერევანი თავს დააღწევს იმ იზოლაციას, რომელშიც იგი ფაქტიურად დამოუკიდებლობის შემდეგ იმყოფება. თურქეთის ეკონომიკური და პოლიტიკური აქტიურობა კომუნიკაციების გახსნით სომხეთშიც გაიზრდება.

ევროკავშირის გააქტიურება და საქართველო

ევროკავშირის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში საქართველოსთვისაც საყურადღებოა. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, ევროკავშირი აქტიურად მონაწილეობს საქართველოსთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე. 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომელსაც მართალია რუსეთის წინააღმდეგობის გამო არ ეძლევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება, მაგრამ უსაფრთხოების გარანტის როლს მაინც თამაშობს. ევროკავშირი ე.წ. 2008 წლის აგვისტოს „ექვსპუნქტიანი შეთანხმების“ გარანტია, რომლის შედეგიც რუსული დანაყოფების საქართველოდან გასვლა უნდა ყოფილიყო. არსებულ ვითარებაში ეს საკითხი კვლავაც შეიძლება დადგეს. ყარაბაღში ევროკავშირის შესაძლო წარმატებამ შეიძლება ამის ალბათობა გაზარდოს.

მსგავსი/Related

Back to top button