skip to content
ახალი ამბები

ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშს 2023 წლის შემოდგომისთვის წარადგენს 

ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაელ რუპმა 13 ივლისს ევროპარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოს რეფორმების განხორციელებისთვის მიცემულ ექვსთვიან ვადას 2023 წლის შემოდგომამდე გაუხანგრძლივებს.

საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება კომისიის 2023 წლის გაფართოების პაკეტთან ერთად იქნება წარმოდგენილი, რაც, ტრადიციულად, ოქტომბერში ხდება ხოლმე. რუპმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს თხოვნის საფუძველზე, მათ გადაწყვიტეს, არ დააჩქარონ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლარიზების ძალისხმევაში, რათა მათ შეძლონ რეფორმებზე საფუძვლიანი მუშაობა.

„ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, სიღრმისეულად იმუშაოს მოცემულ პრიორიტეტებზე; თუმცა, მუშაობა, რა თქმა უნდა, არ უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა მიხაელ რუპმა. „ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას და მივმართავთ მათ ყველა დონეზე, რომ მზად ვართ დავეხმაროთ ქვეყანას ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტით, რათა დავეხმაროთ მათ ამ პრიორიტეტების მოგვარებაში“, – დასძინა მანვე.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ რეალურად გამართლდა მმართველი პარტიის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნისთვის „6-თვიანი ცაიტნოტის“ განსაზღვრაში „არავითარი ლოგიკა“ არ იყო.

„ჩვენ შემთხვევაშიც გაუგებარი იყო, რატომ იყო ასეთი ექვსთვიანი ვადის დადგენის საჭიროება“, – აღნიშნა მან. „დღეს, როგორც ჩანს, გადაიაზრა ევროკავშირმა, ევროკომისიამ ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით“.

„ვფიქრობ, რომ [ევროკავშირის ლიდერები] მივიდნენ იმ აზრამდე, რომ შესაძლოა, ამ 12 მიმართულებაზე კონკრეტული შედეგების დადებას გარკვეული დრო სჭირდება, უფრო მეტი, ვიდრე ფიქრობდნენ. [რუპის] განცხადებაშიც ეს იყო აღნიშნული – იმისთვის, რომ საქართველომ უფრო სიღრმისეულად გაიაზროს და უფრო სიღრმისეული რეფორმები დაგეგმოს და განახორციელოს უფრო მეტი დროა საჭირო“, – განუცხადა ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ვანო ჩხიკვაძემ ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button