Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერის თქმით, დეოლიგარქიზაცის კამპანიის მიზანი ქვეყნის მმართველობის სისტემის „დისკრედიტაციაა“

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 12 ივლისს დეოლიგარქიზაციის შესახებ „შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას“ და ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ „ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებებს“ გამოეხმუარა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მმართველობის სისტემის „დისკრედიტირებას ისახავს მიზნად“.

Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარი, თითქოს ივანიშვილი მოქმედ ხელისუფლებას მართავს და აკონტროლებს, „სრული ფარსი და აბსურდია“. მისივე თქმით, იმის მტკიცება, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი „ფარსის ნაწილია“ და სინამდვილეში პოლიტიკიდან ერთი წლის წინ გასული ადამიანისგან იმართება, არა მხოლოდ მას, არამედ სახელმწიფოსაც „შეურაცხყოფს“.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობის „არავითარი ფაქტი არა აქვთ“ ოპონენტები „ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიანიშნებენ, რომ მმართველი გუნდის „რამდენიმე მოწინავე“ წევრი პოლიტიკაში სწორედ მისი ლიდერობით მოვიდა.

პრემიერის განმარტებით, ეს ბუნებრივიც არის, რადგანაც როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, „ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან“ და იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც „შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი“.

აღნიშნა რა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დატოვებულ თამაშის წესებთან ოლიგარქიული მმართველობის შესახებ „ყალბი ბრალდებები“ სრულიად შეუთავსებელია, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მაგალითად, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების პოსტებს ისეთი ადამიანები იკავებენ, რომელთაც ივანიშვილი არც კი იცნობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც განმარტა, რომ მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, არც იმაშია რამე „დასაძრახი“, თუკი მას და მისი ოჯახის წევრებს ივანიშვილების ოჯახთან სხვადასხვა საკითხზე პერიოდულად კომუნიკაცია ექნებათ.

პრემიერმინისტრმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ყველა „ძალიან ცდება“, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ „სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ“. „გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება“, – დასძინა მან.

„… ამ ვითარებაში, [დეოლიგარქიზაციის] კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ თუკი პრობლემა ზოგადად ბიძინა ივანიშვილის არსებობაა, მაშინ ოპონენტებმა „ეს უნდა აღიარონ“.

„ნაციონალურ მოძრაობას და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა წერილის დასასრულს.

პოლიტიკური გამოხმაურება

ირაკლი ღარიბაშვილის წერილს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდის წევრებმა პრემიერის პოზიცია დაიცვეს და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი პოლიტიკაში არ ერევა. საპირწონედ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილის წერილია დასტური იმის, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ ქვეყანას მართავს არა არჩეული ხელისუფლება, არამედ გადაწყვეტილებები სხვაგან მიიღება, „არის შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის“.

„ადამიანი არ არის კუნძული. თქვენ რა გგონიათ, რომ ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და მას კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს არავისთან?… რაც არის თეთრი, ის ვერასდროს გახდება შავი, ვინც არ არის ოლიგარქი, იმას რაც უნდა ვეძახოთ ოლიგარქი, ვერ გახდება ოლიგარქი“, – დასძინა მან.

მმართველ გუნდს, რომ ბიძინა ივანიშვილთან „განსაკუთრებული დამოკიდებულება“ აქვს, ეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემაც დაადასტურა და დასძინა, რომ „გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო“.

მისივე თქმით, „უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან შეუძლებელია დავუშვათ ფილანთროპი – მიზანთროპად და ოლიგარქად“. „თეორიულად რომ დავუშვათ – ეს თუ გაიტანეს, როგორღა უნდა დავიცვათ სიმართლე სხვა მიმდინარე, ყოველდღიურ თემებში?!“, – დასძინა მდინარაძემ.

„ეს არის შიშით დაწერილი წერილი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ. მანვე ივარაუდა, რომ „როგორც ჩანს, [ბიძინა ივანიშვილს] მიუკაკუნა კარზე ფოსტალიონმა და სულ მალე გადასცემენ მას შეტყობინებას დასანქცირების შესახებ“. „სანქციები მოახლოვდა…“, – დასძინა დეპუტატმა.

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გიორგი ვაშაძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილია „პირდაპირი დასტური და მტკიცებულება“, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა.

მისივე ვარაუდით, ირაკლი ღარიბაშვილი ან ცდილობს, რომ დასავლეთის თვალში გაემიჯნოს ივანიშვილს, რათა სანქციები მას არ შეეხოს, ან „ეხვეწება ბიძინა ივანიშვილს ცოტა ხანი კიდევ დამტოვე პრემიერმინისტრის თანამდებობაზეო“.

„რაც უნდა ბევრი წერილი დაწეროს პრემიერმინისტრმა, სადაც 30-ჯერ იქნება ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, ამით პირიქით ხელს უწყობს იმ ხედვის განმტკიცებას რომ ქვეყანაში მართლაც ფესვები აქვს გადგმული ოლიგარქიულ მმართველობას და ეს, სამწუხაროდ, გარკვეულწილად უკვე იღებს კერპთაყვანისმცემლის სახეს“, – თქვა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

„კომიკურია, რომ ეს წერილი, რომელიც არის დაწერილი ამ ყველაფრის უარყოფისთვის, არის სწორედ ამის მტკიცებულება. დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, მთავარი მამა-მარჩენალისადმი მიძღვნილი ქებაა, მისი სიდიადის აღიარება”, – განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 13 ივლისის 12:00 სთ-ზე, პოლიტიკოსთა განცხადებების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button