ახალი ამბები

ომბუდსმენმა კონსერვატიული მოძრაობის აკრძალვისთვის საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

სახალხო დამცველის ოფისმა 5 ივლისს განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენე პარტია კონსერვატიული მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი ინიცირებისთვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს წარუდგინა. თავად სახალხო დამცველის ოფისს სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება არ აქვს.

ომბუდსმენის განცხადებით, პარტია უკანონოდ უნდა გამოცხადდეს, რადგანაც მათი „მრავალი წინარე [2021 წლის 5 ივლისამდელი] და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას“.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2021 წლის 5 ივლისს პარტიის ლიდერების მიერ დედაქალაქში ორგანიზებული ჰომოფობიური ძალადობისას მედიის 50-ზე მეტი თანამშრომელი და რიგითი მოქალაქეები დაშავდნენ, ლგბტ+ თემის წარმომადგენლებმა კი – მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით ვერ ისარგებლეს.

„მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის თავზე, დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ“.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად 53 პირი ცნეს, სისხლისსამართლებრივი დევნა კი – 27 პირის მიმართ დაიწყეს. სახალხო დამცველის ოფისის თქმით, ძალადობაში მონაწილე რამდენიმე პირის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სწავლობს, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, აღნიშნულ საქმეებზე სრულად დაშვებისა და გაცნობის შესაძლებლობა არ აქვს.

ირაკლი კობახიძის გამოხმაურება

კონსერვატიული მოძრაობის აკრძალვის შესახებ სახალხო დამცველის ინიციატივას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტიის აკრძალვა „შეიძლება ლეგიტიმური“, თუმცა ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევის „ძალიან მძიმე ფორმაა“.

ხაზი გაუსვა რა, რომ მმართველ გუნდს კონსერვატიული მოძრაობის მიმართ „სიმპათიები“ არ აქვს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით არის მთავარი ადვოკატი“ და „ყოველ ჯერზე მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს, დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს იმას, თუ რამდენად არის მისი უფლებები დაცული“.

სახალხო დამცველი ყველა შემთხვევაში უნდა გამოდიოდეს როგორც ადვოკატი, თუმცა სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე აიღო პროკურორის ფუნქცია, რაც ზუსტად ეწინააღმდეგება მის მანდატს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ეს არის სამართლებრივი შეფასება. დანარჩენი არის მისი საქმე“, – ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

შენიშვნა: მასალა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესაბამისად, 2022 წლის 7 ივლისს, 12:50 სთ-ზე განახლდა.
 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button