ახალი ამბები

ომბუდსმენი ქვეყანაში „დაუსჯელობის სინდრომის“ წარმოშობის რისკებზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 27 ივლისის განცხადებით, ის ფაქტი, რომ 5-6 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე ჯერ არ გამოვლენილან, ქვეყანაში „დაუსჯელობის სინდრომს წარმოშობს“.

სახალხო დამცველის განცხადებით, 5 ივლისის შემდგომ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებმა „ყოველდღიური ხასიათი მიიღო“.

ომბუდსმენის შეფასებით, აღნიშნულის შედეგად, „საფრთხე ექმნება“ ჟურნალისტურ საქმიანობას. ამასთან, „უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე“, მსგავსმა შემთხვევებმა, შესაძლოა, მედიის წარმომადგენლებს „თვითცენზურისკენ“ უბიძგოს, „რაც დააზიანებს მედიის თავისუფლებას“.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ, მსგავსი ქმედებების დაგმობის ნაცვლად, ხშირად პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ვხედავთ „ჟურნალისტების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს“ და ამგვარი შემთხვევების „პოლიტიკურ გამართლებას“. „[ეს] ახალისებს ძალადობრივ ფონს მედიის წარმომადგენლების მიმართ“, – ამბობს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება „უკიდურესად პოლარიზებული“ და განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდა“, პოლიტიკურ პირებს „განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა ეკისრებათ“.


5 ივლისს ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მხრიდან ჰომოფობიური ძალადობის შედეგად სულ მცირე 53 ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში გარდაიცვალა.

ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე ჯამში 25 პირი ჰყავს დაკავებული. 16 ივლისს სამართალდამცველებმა ძალადობრივი აქციების ორგანიზატორების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს და ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებელი და ულტრაკონსერვატიული შეხედულებების მქონე გურამ ფალავანდიშვილი და მისი ვაჟი, ასევე ულტრაკონსერვატიული შეხედულებების მქონე ბიზნესმენისა და პოლიტიკური მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელ ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ტელევიზია „ალტ ინფოს“ თანამშრომლები.

შსს-ს არ განუმარტავს, მიმდინარეობს თუ არა მათ მიმართ გამოძიება ძალადობის ორგანიზების საქმეზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button