skip to content
ახალი ამბები

ევროპული მომავლის დასაცავად თბილისში ათიათასობით მოქალაქე შეიკრიბა

საქართველოს ათიათასობით მოქალაქე 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა, სადაც მხარი დაუჭირა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინის ფონზე ქართული ოცნების ხელისუფლების წარუმატებლობა გააპროტესტა.

აქცია ლოზუნგით „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ ბრიუსელში პროევროპული გზავნილის გაგზავნა სურდათ, სადაც 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭო საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ, 17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი შესთავაზა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ თბილისმა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მათ შორის დეპოლარიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა და „დეოლიგარქიზაცია“ დაასახელა.

გუშინდელ აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა მანიფესტი წაიკითხა, რომლის თანახმადაც, იწყება ახალი სახალხო მოძრაობა, რომელიც „დააბრუნებს ჩვენს სამშობლოს შინ, ევროპაში“.

„ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარი პრობლემა ეღობება. ჩვენ ვიცით მისი ფორმა, სახელი და გვარი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“, – ნათქვამია მანიფესტში.

მანიფესტი შეიცავს მოწოდებას, რომ შეიქმნას სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელშიც გაერთიანდებიან სამოქალაქო საზოგადოება, მედია, პოლიტიკური პარტიები, სტუდენტური, კულტურული და პროფესიული კავშირები, რომლებიც ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებენ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მსახიობები და სტუდენტები, ასევე უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ევროპარლამენტის წევრები. ტრიბუნაზე არ გამოჩენილან პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

დაახლოებით 23:00 საათზე, აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ. მათ ხელში საქართველოს, ევროპის, უკრაინისა და მოლდოვის დროშები ეჭირათ. აქციის დასასრულს, მონაწილეებმა ევროპის მოედანზე ცარცით ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი გზავნილები დაწერეს.

სხვადასხვა შეფასებით, აქციაში 50 000-დან 120 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დედაქალაქის გარდა, აქციები ქვეყნის მასშტაბით ასევე გაიმართა ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ოზურგეთში, ხოლო საზღვარგარეთ – ბერლინში, ვენასა და ბრიუსელში.

აქციას მხარი ასევე დაუჭირეს ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა. აქციაში მონაწილეობა არ მიუღია ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის. მართალია, პარტია ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, აქციის გამართვის თარიღი მიუღებელი იყო მისი ლიდერისთვის. გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, 2019 წლის 20 ივნისს პოლიციამ ანტისაოკუპაციო აქცია დაარბია, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა.

წინაისტორია 

საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე წარადგინა. იმავე დღეს განაცხადი მოლდოვამაც წარადგინა.

გასულ კვირას ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლო საქართველოს მიერ რეკომენდაციებისა და პირობების შესრულებას შეაფასებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაახლოებით 6 თვე აქვს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

გუშინ, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა კომისიის რეკომენდაციას საქართველოს „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭებას და მას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა. მან პირობა დადო, რომ ბრიუსელთან რეფორმების დღის წესრიგზე იმუშავებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button